“ბიძა ბავშვთან ჩახუტებული ამოუყვანიათ” – ბათუმში ნგრევის შედეგად გარდაცვლილებიდან 4 ერთი ოჯახის წევრია
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული 6 პირიდან 4 ერთი ოჯახის წევრია. გარდაცვლილია 35 წლის ინგა მეკეიძე, მისი ორი არასრულწლოვანი შვილი და მაზლი.
35 წლის ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში წუხელ კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტს ღამის განმავლობაში გული 4-ჯერ გაუჩერდა, დღეს, დაახლოებით 10 საათისთვის, ინგა მეკეიძე კლინიკაში გარდაიცვალა.
ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებამდე მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს მისი 2 შვილი – 1 და 9 წლის ბავშვები. ორივე არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვებთან ერთად მაშველებმა ნანგრევებიდან გამოიყვანეს მათი ბიძაც, რომელიც ინგა მეკეიძის ახლობლის თქმით, უცხოეთიდან ახალი ჩამოსული იყო და ძმის ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა.
„მაშველებს ბიძა ბავშვთან ჩახუტებული ამოუყვანიათ. ოჯახიდან გადარჩა ინგას მეუღლე და ერთი, 5 წლამდე ბავშვი. მამას ბაღში ჰყავდა წაყვანილი და ამან გადაარჩინა” – ამბობს გარდაცვლილი ინგა მეკეიძის ოჯახის ახლობელი.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია უწყებტ რეჟიმში გრძელდება.
შედეგად მაშველებმა ნანგრევებიდან 7 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 5 უკვე გარდაცვლილი იყო. კიდევ ერთი ქალი, 35 წლის ინგა მეკეიძე საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა, მამაკაცი კი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სწორედ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. სამართალდამცველებმა ამ დროისთვის უკვე სამი ადამიანი დააკავეს.