„თელავის ფესტივალი მუსიკოსებს“ – ელისო ვირსალაძის პროექტს ამჯერად თბილისი უმასპინძლებს

17-22 ოქტომბერს, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია ელისო ვირსალაძის პროექტს უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტის სახელწოდებაა: „თელავის ფესტივალი მუსიკოსებს – კონცერტები და მასტერკლასები მოსწავლეების, სტუდენტებისა და პროფესიონალი მუსიკოსებისთვის“.
მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტის – ელისო ვირსალაძის მიერ ქალაქ თელავში დაარსებული მუსიკალური ფესტივალი და მასტერკლასები 35 წელს ითვლის.
2021 წლის ფესტივალი, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრიორიტეტებზე დაყრდნობით, იცვლის ფორმატს და დროებით თბილისში გადმოინაცვლებს, სადაც  გაიმართება 3 კონცერტი და 12 მასტერკლასი.
მასტერკლასები, ტრადიციულად, ჩატარდება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, ხოლო სიახლე ის არის, რომ წელს მოწვეული პროფესორები მასტერკლასებს და შეხვედრებს პროფესიონალ მუსიკოსებთანაც ჩაატარებენ.
მოწვეული მუსიკოსები გამოირჩევიან როგორც მაღალი საშემსრულებლო დონით, ასევე პედაგოგიური გამოცდილებითაც. ახალგაზრდებისა და მათი პედაგოგებისთვის დიდი პროფესიული იმპულსის მიმცემი იქნება გამოჩენილ მუსიკოსებთან ურთიერთობა.
თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტებს გამართავენ: ელისო ვირსალაძე, ბორის ბერეზოვსკი, ანდრეი ბარანოვი, ალექსანდრ რუდინი და საფესტივალო სიმფონიური ორკესტრი კახი სოლომნიშვილის დირიჟორობით. მცირე დარბაზში შედგება ახალგაზრდა წარმატებული ქართველი მუსიკოს-შემსრულებლების – სანდრო გეგეჭკორისა და მარიკა კუხიანიძის – კონცერტი.
საფესტივალო ორკესტრი შედგენილია ქართველი მუსიკოსებისა და უცხოეთიდან მოწვეული ორი კონცერტმაისტერისაგან.
მასტერკლასებს ფორტეპიანოს სპეციალობით გაუძღვებიან:ელისო ვირსალაძე და ხათუნა კოკოჩაშვილი /ბრიუსელის მუსიკალური აკადემიის პროფესორი/; ვიოლინოს სპეციალობით – ბრიუსელის დედოფალი ელისაბედის სახელობის საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის მფლობელი, ჟენევის მუსიკალური აკადემიის პროფესორი ანდრეი ბარანოვი; ჩელოს და კამერული ანსამბლის სპეციალობით – საერთაშორისო კონკურსების ლაურეტი, ჩელისტი და დირიჟორი ალექსანდრ რუდინი.
პირველად ფესტივალზე ალექსანდრ რუდინი ჩაატარებს მასტერკლასს პროფესიონალი მუსიკოსებითვის, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სიმებიანი კვარტეტი „იბერი“ და პიანისტი ხათუნა კოკოჩაშვილი.
პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და დაფინანსებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები