ივანე ჩხაიძე: ბოლო დღეების განმავლობაში ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატა

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანლის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატა.
როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, ბოლო პერიოდში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები საყურადღებოა, რის გამოც აუცილებელია რეგულაციების დაცვა და ვაქცინაციის ტემპის მაქსიმალურად გაზრდა.
„ბოლო დღეების განმავლობაში ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატა. ჯერჯერობით, ეს არ ასახულა უფრო მეტ მიმართვიანობაში, საწოლფონდის დატვირთვაში. 4 ათასზე მეტი საწოლია თავისუფალი. ასე რომ, ამ მხრივ ჯერჯერობით პრობლემა არ არის, მაგრამ თუ ინფიცირების მაჩვენებელი ამ დონეზე დარჩა ან გაიზარდა, ჩვენ იმავე მდგომარეობას დავუბრუნდებით, როგორშიც აგვისტოს დასაწყისში ვიყავით“, – განაცხადა ჩხაიძემ.
მისი თქმით, ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, ჩნდება რისკი, რომ მძიმედ მიმდინარე შემთხვევათა რაოდენობა გაიზრდება.
„კორონავირუსისა და გრიპის ვირუსის ერთდროული არსებობა კორონავირუსის შემთხვევაში ზრდის მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისა და გარდაცვალების რისკს, ამიტომ, ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს არა მხოლოდ კორონავირუსის, არამედ გრიპის ვირუსის წინააღმდეგაც, რაც ავტომატურად გულისხმობს კორონავირუსის ვაქცინაციასთან ერთად, გრიპის ვაქცინის გაკეთების აუცილებლობას. ამ ორი ვაქცინის ერთდროულად გამოყენება შესაძლებელია“, – განაცხადა ჩხაიძემ.
მისი განმარტებით, გრიპის ვაქცინების პირველი პარტია უკვე საქართველოშია.
„ჯამში, 200 ათას დოზა არის შეძენილი. ეს არის ის დოზა, რომელსაც საქართველო რისკ ჯგუფებში გამოიყენებს. ეს რისკ ჯგუფები წინასწარ განსაზღვრულია- გრიპის ვაქცინების პირველი პარტია გამოყენებული იქნება სამედიცინო მუშაკებში, ორსულებში და იმ პაციენტებში, რომლებსაც გადანერგილი აქვთ ორგანო, ან არიან თირკმლის ხელოვნურ დიალიზზე. გრიპის ვაქცინის სხვა დოზები ოქტომბრის ბოლომდე შემოვა და ოქტომბრის ბოლოს ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 ათასი დოზა იქნება. ამ ვაქცინის გასაკეთებლად იდეალური პერიოდი არის ოქტომბერი და ნოემბერი, ვინაიდან გრიპის ვაქცინის გაკეთებიდან 2 კვირა მაინც უნდა გავიდეს, რომ იმუნიტეტი ჩამოყალიბდეს“, – განაცხადა ჩხაიძემ.
როგორც მან აღნიშნა, სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანა გრიპის შემთხვევების მკვეთრ მატებას დეკემბერ-იანვარში აფიქსირებს. ამიტომ, ივანე ჩხაიძის განმარტებით, ოქტომბერ-ნოემბერში გაკეთებული ვაქცინა ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს, გრიპის წინააღმდეგ დაცული იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები