კახა კუჭავა: ვერცერთი ადამიანი, მათ შორის, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტი ვერ იქნება მიზეზი და საფუძველი, რომ უკრაინასთან ურთიერთობები ოდნავ მაინც გაუარესდეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, უკრაინის პრემიერმინისტრ დენის შმიგალთან შეხვედრაზე არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
კახა კუჭავამ აღნიშნა, რომ ვერცერთი ადამიანი, მათ შორის, თუნდაც სააკაშვილი ვერ იქნება მიზეზი და საფუძველი, რომ საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთობები ოდნავ მაინც დაზიანდეს.
„ძალიან თბილი, მეგობრული შეხვედრა გაიმართა უკრაინის პრემიერმინისტრთან. ზუსტად მისი მოწვევით ვიმყოფებოდი უკრაინაში. შევეხეთ ბევრ საკითხს, პირველ ყოვლისა, ეს არის ჩვენი საერთო მიზნები, ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, ევროატლანტიკური კურსი, რომელიც აღებული გვაქვს, ამბიციური გეგმები, რასაც ჩვენ ერთად ვსახავთ. პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, ეს ეხება აღმასრულებელი ხელისუფლებების დონეზე ისეთ ამბიციურ გეგმებს, რომელიც არის, მაგალითად, ერთ მილიარდ დოლარზე ვაჭრობის ზრდა ჩვენს ქვეყნებს შორის და ბევრი სხვა საინტერესო ფორმატი, მათ შორის, სამი ქვეყნის გააქტიურება ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის კუთხით. რა თქმა უნდა, ასევე ხაზი გაესვა ტურიზმს, რომელიც ძალიან მაღალი ტემპით იზრდება კოვიდის შემდეგ, თუმცა გეგმაა, უფრო გაიზარდოს და ამას მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი.
რა თქმა უნდა, შევეხეთ საკითხს, რომელიც დღეს ალბათ ყველაზე აქტუალურია და ყველას აინტერესებს. საუბარია უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის გამოპარვაზე, ასე ვიტყოდით. ეს მომენტი ნამდვილად უხერხულობას წარმოქმნის ამ ორ ქვეყანას შორის. რა თქმა უნდა, მათ არ იცოდნენ მისი გეგმების შესახებ. უკანონო საზღვრების კვეთის და ზოგადად უხერხული სიტუაციის შესახებ ორივე მხრიდან კიდევ ერთხელ ცალსახად იქნა ხაზგასმული. ვერასოდეს, ვერც ერთი ადამიანი, მათ შორის თუნდაც ყოფილი პრეზიდენტი ვერ იქნება მიზეზი და საფუძველი, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ოდნავ მაინც გაუარესდეს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
კუჭავას თქმით, უკრაინის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციასთან დაკავშირებით არ უსაუბრიათ.
„ამაზე არ ყოფილა საუბარი. ჩვენ ვისაუბრეთ ზოგადად უხერხულ სიტუაციაზე, თუმცა კიდევ ერთხელ ცალსახად გავუსვით ხაზი, რომ ჩვენ ვართ ძალიან მეგობრული ქვეყნები, სტრატეგიული პარტნიორები და ამას არაფერი არ უდგას წინ. მხოლოდ ამის გამყარებაზე ვფიქრობთ და ვერც ერთი ადამიანი ვერ შეძლებს, ჩრდილი მიაყენოს ამ მეგობრობას, ეს არის რეალობა, რომელსაც უნდა შეეგუოს ყველა. დანარჩენი არის უკვე ფორმალობები. ფაქტი ერთია, უკრაინის საზღვრის უკანონო კვეთა ფიქსირდება, შესაბამისად, ალბათ ვიღაცას პასუხს აგებინებენ, თუმცა ეს ჩემი საქმე არ არის, ეს ჩვენი საკითხი არ არის. უკრაინა თავის ქმედებებს თვითონ განახორციელებს“, – განაცხადა კუჭავამ
კუჭავას თქმით, გუშინ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა მიხეილ სააკაშვილის შესახებ არ უსაუბრიათ.
„არა, საერთოდ არ გვისაუბრია ამ საკითხთან დაკავშირებით. გახსოვთ გუშინ მიღება თემატურად სულ სხვა ღონისძიება იყო და ცერემონიალი სულ სხვა საკითხს ეხებოდა. ამ საკითხზე საუბარი არ გვქონია“, – აღნიშნა კუჭავამ.