სააკაშვილი, საპატრიარქოს თხოვნის მიუხედავად, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს
პატრიარქის მდივნის, მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საპატრიარქოს თხოვნის მიუხედავად, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.
„მისი უწმინდესობის დავალებითა და ლოცვა-კურთხევით, დღეს მოვინახულე ბატონი მიხეილ სააკაშვილი. მას გადავეცი მისი უწმინდესობის მოკითხვა და ლოცვა-კურთხევა, გადავეცი მისი უწმინდესობის თხოვნა შიმშილობასთან დაკავშირებით. ბატონმა მიხეილმა მოიკითხა მისი უწმინდესობა, მთხოვა, გადავცე, რომ მას პატივს სცემს და მოვიკითხო დიდი პატივისცემით. რაც შეეხება შიმშილობას, მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს, ის ამ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. ამ თხოვნასთან დაკავშირებით, ასეთი პასუხი მითხრა ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა. მისთვის სისუტე არ შემიმჩნევია, სულ რამდენიმე წუთით ვისაუბრეთ და დავემშვიდობეთ ერთმანეთს“, – განაცხადა ბოტკოველმა.