კალაძე: ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გასცა საკადრისი პასუხი რევანშს მოწყურებულ პოლიტიკურ ძალებს

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ გამარჯვებით, გაიმარჯვა საქართველომ და მისმა განვითარებამ. მისივე თქმით, მოსახლეობამ რევანშს მოწყურებულ პოლიტიკურ ძალებს კიდევ ერთხელ გასცა საკადრისი პასუხი.

„„ქართული ოცნების“ დღევანდელი გამარჯვებით, გაიმარჯვა საქართველომ, მისმა სტაბილურობამ, მშვიდობამ, წინსვლამ და განვითარებამ. ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ საკადრისი პასუხი გასცა რევანშს მოწყურებულ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს ძალადობითა და არეულობით ემუქრებოდნენ. დღევანდელი დღე გახდება საქართველოს მშვიდობიანი განვითარების მყარი საფუძველი.

შეგახსენებთ, რომ შემდეგი არჩევნები საქართველოში 2024 წელს ჩატარდება. შესაბამისად, გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, ეს 3 წელი სრულად დავუთმოთ ჩვენი პოლიტიკური სპექტრის თვისებრივ გაჯანსაღებას, ეკონომიკის განვითარებას, ჩვენი მოქალაქეების სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და სხვა სახელმწიფოებრივი ამოცანების შესრულებას. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თბილისს და თბილისელებს დღევანდელი მხარდაჭერისთვის. ეს გამარჯვება მაძლევს ახალ სტიმულს, გაორმაგებული ენერგიით ვიშრომო თბილისის განვითარებისთვის.“, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები