“თვალნათელი ფაქტია, რომ ქართველი მოსახლეობისა და ამომრჩევლების უმრავლესობა ხმას აძლევს „ქართულ ოცნებას“ და ცხადია, ჩვენ ყველა რეგიონში დამაჯერებელი გამარჯვების ზეიმისთვის ვემზადებით”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ამილახვარმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ 2012 წლიდან მერვედ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისთვის ემზადება.
„გასაგებია, ჩვენი ოპონენტები რასაც იზამენ. მათ სხვა იარაღი ხელში არ აქვთ. ხედავენ, რომ განწყობები მათ სასიკეთოდ არ არის. ისინი ამ არჩევნებს აგებენ და როგორც ჩვენ აქამდე ვამბობდით, ისინი დღევანდელი დღისთვის მაინც და მაინც არ ემზადებოდნენ, უფრო ემზადებიან დღეს, 20:00 საათის შემდეგ პროცესებისთვის, როდესაც საარჩევნო უბნები დაიხურება. თუმცა, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ერთი თვალნათელი ფაქტია, რომ ქართველი მოსახლეობისა და ამომრჩევლების უმრავლესობა ხმას აძლევს „ქართულ ოცნებას“ და ცხადია, ჩვენ ვემზადებით ყველა რეგიონში დამაჯერებელი გამარჯვების ზეიმისთვის. ამას ხედავენ ჩვენი ოპონენტები და რა თქმა უნდა, ალბათ, გვექნება აქციები და პროტესტის ნიშნები. კანონის ფარგლებში პროტესტის უფლება ყველას აქვს, თუმცა, როგორც გამოვლენ, ასევე შევლენ სახლებში. მათ პროტესტს არ ექნება სამართლებრივი საფუძველი და მოქალაქეების მხრიდან მხარდაჭერა. ამდენად, 2012 წლიდან მერვედ „ქართული ოცნება“ გამარჯვებისთვის ემზადება“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.