ნათია იოსელიანი: ქუთაისის 124-ე უბანზე ნაწილობრივ შეივსო შემაჯამებელი ოქმი, რაც წარმოადგენს გადაცდომას
“ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის 124-ე საარჩევნო უბანზე ნაწილობრივ შეივსო საუბნო შემაჯამებელი ოქმი, რომელსაც უბნის 14 წევრი, მათ შორის სხვადასხვა პარტიის მიერ დანიშნული წარმომადგენელი აწერს ხელს”, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი გადაცდომაა, რის გამოც ოქმი განადგურდება.
„ოქმის ფოტო გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა მედიასაშუალებაში. გვინდა ცალსახად განვაცხადოთ, რომ აღნიშნული წარმოადგენს გადაცდომას და ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას ექნება შესაბამისი რეაგირება. ოქმი განადგურდება და საუბნო საარჩევნო კომისიას გადაეცემა ახალი შემაჯამებელი ოქმი. საარჩევნო ადმინისტრაციას ყოველთვის ექნება შესაბამისი რეაგირება მსგავსი ტიპის გადაცდომაზე და მოვუწოდებთ ყველა დონის საარჩევნო კომისიას დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით გაწერილი ნორმები, რაც აუცილებელია კენჭისყრის პროცესის პროფესიონალურ დონეზე წარმართვისთვის“, – აღნიშნა იოსელიანმა.