მამუკა მდინარაძე: საარჩევნო უბნებიდან 100 მეტრის რადიუსზე, მოწოდება, აგიტაცია არანაირ დარღვევას არ წარმოადგენს
„არჩევნები ძირითადად, განსაკუთრებით იქ, სადაც პროვოკაციები და დადგმული სპექტაკლები არ არის, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო უბნებიდან 100 მეტრის რადიუსის გარეთ, მოწოდება, აგიტაცია არანაირ დარღვევას არ წარმოადგენს.
„არჩევნები ძირითადად, განსაკუთრებით იქ, სადაც პროვოკაციები და დადგმული სპექტაკლები არ არის, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. საკმაოდ ნორმალური აქტივობაა, რასთან დაკავშირებითაც კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მომხრეებს მაქსიმალური აქტივობისკენ, რა შემთხვევაშიც უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება გაფორმდება, რომელიც აბსოლუტურად მოსალოდნელია იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენი შტაბებიდან შემოდის. არის ცალკეული დარღვევები მართლაც, ოღონდ მისი ავტორები, იმისგან აბსოლუტურად განსხვავებული პირები არიან, რასაც ზოგიერთი მაუწყებელი ამცნობს საზოგადოებას. დაფიქსირდა რამდენიმე დარღვევა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ამის აღრიცხვა მიდის, თუმცა, არ მიდის ჩვენი მხრიდან პროვოკაციების მოწყობა და ვინმეზე დაბრალება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ჟურნალისტების და მათ გასაგონად, ვისაც შეიძლება ინფორმაცია არ ჰქონდეს, დადგენილია საარჩევნო ნორმა, რომლის მიხედვითაც 100 მეტრის რადიუსში აკრძალულია ამომრჩევლის აღრიცხვა, აგიტაცია და ა.შ. ეს უნდა დაიცვას ყველამ, მაგრამ 100 მეტრის რადიუსის გარეთ შეუძლიათ ჩაატარონ ნებისმიერი კანონიერი მოქმედება, აგიტაციაც რომ გასწიონ, სულ რომ პარტიული მაისურებით იყვნენ, ეს დარღვევა არ არის. ამას იმიტომ ვამბობ, რომ გარკვეული ტელევიზიების, პარტაქტივის წარმომადგენლები 100 მეტრის რადიუსის გარეთ აფიქსირებენ ასეთ ფაქტებს, ეს არ არის დარღვევა. კონკრეტული ტელევიზიები ვხედავთ, რომ მიდიან ავტომანქანებთან 100 მეტრის რადიუსის გარეთ, აფიქსირებენ, რომ იქ სხედან, დასდევენ გამვლელებს და ეუბნებიან, რომ იქ ყოფნის უფლება არ აქვთ. 100 მეტრის რადიუსის გარეთ არანაირი დარღვევა არ არის თუნდაც მოწოდება, აგიტაცია და ა.შ. სადაც არ არის დარღვევა, იქ ქმნიან აჟიოტაჟს, თუ მართლა დარღვევა იქნება უფლებამოსილმა პირებმა უნდა დააფიქსირონ”, – განაცხადა მდინარაძემ.