38 მსჯავრდადებული პროფესიულ კარიერულ კონსულტირებაში მომსახურებას მიიღებს

სსიპ მსჯავრდადებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან თანამშრომლობის საფუძველზე, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს კარიერის დაგეგმვის კონსულტანტები 2021 წლის 6 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე პროფესიული კარიერული კონსულტირების სერიას ჩაატარებენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კარიერული კონსულტირება ორ ეტაპად მიმდინარეობს. პირველი ეტაპი 30 უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირთან შედგა, ხოლო მეორე ეტაპი 8 არასრულწლოვანთან პროფესიულ კონსულტირებას დაეთმობა. შეხვედრები ინდივიდუალურად და ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. ინტერვიუ სულ 38 მსჯავრდადებულთან შედგება.

შეხვედრების მიზანია მსჯავრდადებულთა სასურველი პროფესიების შესწავლის პროცესის დაგეგმვა და მათი პროფესიული ინტერესების გამოვლენა. საჭიროებების გამოვლენის შემდეგ, თითოეულ მსჯავრდადებულზე კარიერული სამოქმედო გეგმა შედგება და სსიპ მსჯავრდადებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდება. მსჯავრდადებულთა პროფესიული უნარების გამოვლენა მიზნად ისახავს სასურველი სფეროების მიხედვით მათ გადამზადებასა და დასაქმების ხელშეწყობას.

აღნიშნული პროცესი უვადო მსჯავრდადებულთა გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის დამტკიცებისთვის ერთ-ერთი პირველი ეტაპია, რომელიც ეტაპობრივად გაგრძელდება. პროექტის მიზანია უვადო მსჯავრდადებულების კვალიფიკაციის ამაღლება და მათი, როგორც სამუშაო მაძიებლების შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ზრდა და დასაქმების ხელშეწყობა.

ონლაინ შეხვედრები ხორციელდება ა/წ აგვისტოში სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტოსა და მსჯავრდადებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან გააფორმა.
ურთიერთშეთანხმება მსჯავრდადებულების დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებში, ფორუმებსა და საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტი უპრეცედენტოა და მსჯავრდადებულებს (როგორც პენიტენციური დაწესებულების შიგნით, ისე დაწესებულების გარეთ) შესაძლებლობას აძლევს გაიარონ პროფესიული კონსულტირება, სწორად დაგეგმონ კარიერა, გაეცნონ შრომის ბაზრის ტენდენციებს და დაეუფლონ მოთხოვნად პროფესიებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები