თეა წულუკიანმა სალომე ფაჟავას ოლიმპიადაზე ღირსეული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი – თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად, ტანვარჯიშის სახეობათა გაერთიანებული ფედერაციის პრეზიდენტს, კონსტანტინე ლაშხსა და ფედერაციის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

მინისტრმა ფედერაციის ვიცეპრეზიდენტსა და მოქმედ ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავას ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ღირსეულად ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა და სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

ფედერაციის ხელმძღვანელებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ინფრასტრუქტურის პრობლემებზე, რომელიც დღესდღეობით უმთავრეს გამოწვევად მიაჩნიათ. მინისტრის გადაწყვეტილებით, უახლოეს დროში მოხდება სამინისტროს ხელმძღვანელთა სტუმრობა ოლიმპიურ სოფელში მდებარე ტანვარჯიშის დარბაზში, რათა დეტალურად მოხდეს იმ პრობლემების შესწავლა, რომელიც ფედერაციაში შემავალი სხვადასხვა დისციპლინის სპორტსმენებს აქვთ.

თეა წულუკიანის განცხადებით, ტანვარჯიშის ფედერაცია გახლავთ ერთ-ერთი ის ორგანიზაცია, რომელთანაც სამინისტრო სპორტში ახალგაზრდების ჩართულობის კუთხით არაერთ პროექტს განახორციელებს.

შეხვედრის ბოლოს, ფედერაციის წარმომადგენლებმა მინისტრსა და მინისტრის მოადგილეს მადლობა გადაუხადეს თანადგომისთვის და იმედი გამოთქვეს, რომ ტანვარჯიშის ფედერაციისა და სამინისტროს თანამშრომლობა განვითარების ახალ ეტაპზე გადავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები