საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გურამ ოდიშარიას 70 წლის იუბილეს ულოცავს

24 სექტემბერს ქართველი მწერლისა და საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრის, გურამ ოდიშარიას 70 წლის იუბილე შესრულდა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ულოცავს მას იუბილეს და ფეისბუქგვერდზე მისალოც ტექსტს აქვეყნებს..
„გურამ ოდიშარია მოღვაწეობს როგორც სამწერლობო სფეროში, ისე საგამომცემლო და ჟურნალისტური მიმართულებებითაც. იგი იყო სოხუმის რადიომაუწყებლობისა და აფხაზეთის საოლქო გაზეთის კორესპონდენტი, ასევე, გახლდათ აფხაზეთის მწერალთა კავშირის ლიტერატურული კონსულტანტი, ჟურნალ “რიწის” მთავარი რედაქტორი და გამომცემლობა „მერნის” აფხაზეთის ფილიალის დირექტორი. გურამ ოდიშარიას პირველი ლექსი 1969 წელს დაიბეჭდა. იგი არის 10 პოეტური კრებულისა და 5 რომანის ავტორი. მისი მიერ დაწერილი რომანებიდან აღსანიშნავია: „სოხუმში დაბრუნება”, „შავი ზღვის ოკეანე” და „პრეზიდენტის კატა”, ისინი არაერთ ენაზე ითარგმნა და გამოიცა. ასევე, პოპულარობით სარგებლობდა გურამ ოდიშარიას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ზღვა, რომელიც შორია“ (2005 წ. პიესა დადგა ცნობილმა რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ).
გურამ ოდიშარია იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, ხოლო 2012-2014 წლებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. 2014 წელს მან, როგორც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, ბერლინში ხელი მოაწერა დოკუმენტს, რის შემდეგაც საქართველო 2018 წელს გახდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის “საპატიო სტუმარი” ქვეყანა. გურამ ოდიშარია დაჯილდოებულია ილია ჭავჭავაძისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიებით“, – აღნიშნულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები