დავით ზალკალიანი: პრემიერმინისტრს გაერო-ს ტრიბუნიდან ექნება მომავალზე ორიენტირებული გამოსვლა, რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული განვითარებისთვის, ხალხის კეთილდღეობისთვის, აქცენტი გაკეთდება დეოკუპაციის სტრატეგიაზე

“მნიშვნელოვანი დღეა, რადგან პრემიერმინისტრს გამოსვლა ექნება გაერო-ს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან. ეს ტრიბუნა იძლევა შესაძლებლობას, მთელს მსოფლიოს მივაწოდოთ და გავაცნოთ ჩვენი პოზიციები და იდეები, როგორც გლობალური უსაფრთხოების თემატიკაზე, ისე რეგიონულ კონტექსტში ჩვენს როლსა და ფუნქციაზე, ასევე, იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რომელიც ამჟამად არის შექმნილი”, – ამის შესახებ საქართველოს ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა პრემიერმინისტრის გამოსვლის მთავარ აქცენტებზე საუბრისას განაცხადა.

ვიცეპრემიერის თქმით, პრემიერმინისტრი ისაუბრებს ქვეყნის მომავალზე.

„რა თქმა უნდა, პრემიერმინისტრი ისაუბრებს ქვეყნის მომავალზე, იქნება მომავალზე ორიენტირებული გამოსვლა, თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში სტაბილური განვითარებისთვის, დემოკრატიული განვითარებისთვის, ხალხის კეთილდღეობისთვის და ასევე იმ საფრთხეების მინიმუმამდე დაყვანისთვის, რა საფრთხეებიც იწვევს იმ პრობლემებს, რა პრობლემების წინაშეც ქვეყანა დგას. რა თქმა უნდა, ის შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას, რა შესაძლებლობები არსებობს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და როგორ უნდა გაძლიერდეს კიდევ უფრო ეს კონსოლიდაცია. ის შეეხება ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებს.

დეოკუპაციის სტრატეგია, რა თქმა უნდა, ძალიან მკაფიოდ გაიჟღერებს ამ გამოსვლაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება რეგიონზე და იმ როლზე, რომელსაც საქართველო ასრულებს რეგიონში, რადგან წლევანდელი ასამბლეის ფარგლებში პრემიერმინისტრისა და ჩვენი ორმხრივი შეხვედრები სწორედ ამ ფუნქციის კიდევ უფრო წარმოჩენასა და გამოკვეთას ემსახურებოდა“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები