„ზაზა ხატიაშვილი დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებულების ფართებს აყადაღებს და მათ ქონების გაფორმების საშუალებას არ აძლევს“ – ლელა რაზიკაშვილი
“თბილისის მერობის კანდიდატი, ზაზა ხატიაშვილი დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებულების ფართებს აყადაღებს და მათ ქონების გაფორმების საშუალებას არ აძლევს”, – ამის შესახებ სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაზარალებულმა, ლელა რაზიკაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხატიაშვილი ღიად აპროტესტებს იმას, თუ რატომ გადაუხადა ამხანაგობამ დაზარალებულებს თანხა, რაც მათ სასამართლოთი ეკუთვნოდათ.
„თბილისის მერობის კანდიდატების დებატებისას ერთ-ერთმა კანდიდატმა, ზაზა ხატიაშვილმა, თბილისის მოქმედ მერ კახა კალაძეს ,,ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაუსრულებელი მშენებლობის დასრულებაში დასდო ბრალი.
ადვოკატი ხატიაშვილი გვებრძვის, წაგვართვას ქონება, რომელსაც 12 წელი ველოდებით.
12 წლის შემდეგ, ქალაქ თბილისის მერიის დახმარებით, როგორც იქნა, გვეღირსა, შემოვიდა ინვესტორი და მშენებლობა დაიწყო, ობიექტზე ყველა პრობლემა დასრულდა და, ამ ფონზე, რამდენიმე ათეული დაზარალებული ჩვენს კუთვნილ ფართებს ვერ ვიღებთ მხოლოდ იმიტომ, რომ ხატიაშვილი და მისი დამქირავებელი რამდენიმე ადამიანი ვერ კმაყოფილდება იმით, რაც აქვთ და სურთ, ხელში ჩაიგდონ რაც შეიძლება მეტი, თან – ჩვენი ქონების ხარჯზე.
ხატიაშვილი გვიყადაღებს ფართებს და არ გვაძლევს საშუალებას, გავიფორმოთ ჩვენი ქონება. ხატიაშვილი ღიად, პირდაპირ ეთერში აპროტესტებს იმას, თუ რატომ გადაუხადა ამხანაგობამ დაზარალებულებს თანხა, რაც სასამართლოთი ეკუთვნოდათ. საქმე არის სასამართლოში და ამ პროცესში ხატიაშვილი არა მარტო იღებს თანხას, არამედ ჩვენთვის წართმეული ქონებიდან წილს ელოდება და ამისთვის ყველაფერს კადრულობს“, – განაცხადა რაზიკაშვილმა.
მისივე თქმით, ჯერჯერობით, სამართლებრივი მიმართულებით ხატიაშვილი ყველა რაუნდს აგებს.
„მაგალითად, გუშინწინ, უკვე მერამდენედ, ყადაღების პროცესი წააგო და იმ რეალობით გამწარებული, რომ ქონება ხელიდან უსხლტება, ღია გამოძალვაზე გადავიდა, თუმცა, აქამდეც მისი საადვოკატო საქმიანობა მხოლოდ შანტაჟი და გამოძალვა იყო. ის დგას ყველგან, სადაც შესაძლებელია, სადაც კი ტრიბუნას ხელში ჩაიგდებს და გვლანძღავს ყველას, მერიას, რომელმაც ჩვენი ობიექტი გააცოცხლა, ინვესტორს, ამხანაგობას, დამფუძნებლებს, სავარაუდოდ იმ იმედით, რომ დავიღლებით და გაჩუმების ფასად ქონებას დავუთმობთ. როგორი დაუჯერებელიც უნდა იყოს, მან, როგორც ჩანს, მერობის კანდიდატად თავი მხოლოდ იმიტომ წამოაყენა, რომ საარჩევნო ტრიბუნა ქონების ხელში ჩასაგდებად გამოიყენოს. ამის დასტურია ის, რომ ყველა შესაძლებლობაზე, ყველა ეთერში, მერობის კანდიდატი ატრიალებს ერთსა და იმავე თემას, თავის შემოსავლის წყაროს, თემას რომლიდანაიც ის იღებს თანხებს და ელოდება ქონებას. როცა ადამიანი კონკრეტულ საადვოკატო საქმეში ფულს იღებს და თავის საშოვარს პოლიტიკური ტრიბუნებიდან ლობირებს, პოლიტიკური დებატების დროსაც კი გამოიმუშავებს თანხას, ეს დაუშვებელია. ის რომ მართლა რაიმე ძალაუფლებასთან ახლოს მიუშვა, ადვილი წარმოსადგენია, რა მასშტაბები ექნება მის მომხვეჭელობას. ხატიაშვილი პოლიტიკაში საშოვარისთვის მოსული ტიპაჟის მოდელი და ნიმუშია, თუმცა, ნულს ქვემოთ პროცენტიანია და ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს ეს საშიშროება ნამდვილად არ ემუქრება.
ის ფაქტი, რომ ეს სუბიექტი ყველა ტრიბუნას ჩვენი დაზარალებული ობიექტიდან ქონების შოვნისთვის იყენებს, იმაზეც მიანიშნებს, რომ ამ კაცს, როგორც ადვოკატს, კლიენტებშიც უჭირს და ერთადერთი საშოვარი სწორედ ჩვენთან აქვს.
გადაეცით, რომ ვერ მიიღებს იმას, რისთვისაც იბრძვის, ერთ გოჯსაც არ დავუთმობთ, პირიქით, სამარცხვინოდ და სამაგალითოდ დაკარგავს იმ პროფესიას, რითაც პურს ჭამს. თავისი სიბრიყვით ძალიან ბევრი მასალა დაიგროვა საკუთარი თავის წინააღმდეგ და, ამიტომ, მისი მხილება სულაც არ იქნება რთული.
ვიწყებთ სამართლებრივ პროცესს და ყველაფერს მედიაში გავაშუქებთ“, – განაცხადა რაზიკაშვილმა.