თეა წულუკიანმა და სოსო გიორგაძემ ფიგურული ციგურაობის ფედერაციასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი – თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად, ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტ მაკა გიორგობიანსა და ფედერაციის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფიგურული ციგურაობის ფედერაციას დამატებით 300 ათასი ლარი გამოეყო, რათა სპორტსმენებმა სრულფასოვანი მოსამზადებელი ეტაპები გაიარონ და მაქსიმალურად ბევრ საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზონ. მოციგურავეებს ახალი სეზონი დაეწყოთ და მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ტურნირებს სრულ მზადყოფნაში შეხვდნენ, ამასთან, პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებისთვის იბრძოლონ.
მინისტრის განცხადებით, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია როგორც ზაფხულის, ასევე – ზამთრის ოლიმპიური თამაშები. შესაბამისად, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილე სპორტსმენები აუცილებლად ისარგებლებენ სრული მხარდაჭერით.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფედერაციის წინაშე მდგარ ინფრასტრუქტურულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს, ასევე, 2022 წლის ბიუჯეტს, რომელზეც მუშაობა სამინისტრომ ფედერაციებთან ერთად უკვე დაიწყო.