ირაკლი კობახიძე: ყველა ტელევიზიამ და პარტიამ მიხედოს თავის ზიზღიან კომერციულ რეკლამებს
“უპრეცედენტო შეტევაა კონკრეტულ კომპანიაზე, რომელმაც უზრუნველყო ამ ბანერების გამოკვრა კონტრაქტის საფუძველზე, ყველა ტელევიზიამ და პარტიამ მიხედოს თავის ზიზღიან კომერციულ რეკლამებს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ე.წ. სისხლიან ბანერებზე საუბრისას განაცხადა.
„ყველა ტელევიზიის ეთერში განთავსებულია სიძულვილისა და ზიზღის შემცველი კომერციული რეკლამა და არავის არაფერი უთქვამს ამასთან დაკავშირებით, მეტიც, როდესაც ტელეკომპანია „იმედმა“ ერთ-ერთ ასეთ რეკლამაზე თქვა უარი, სასამართლომ მას დააკისრა სამართლებრივად ამ ზიზღის შემცველი კლიპის განთავსების ვალდებულება. როდესაც ამ პირობებში „ნაცმოძრაობის“ და მისი ტელევიზიის წარმომადგენლები გადაწყვეტენ, რომ შტურმი მიიტანონ კერძო კომპანიებზე, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმის გაგრძელება, რაც გვახსოვს 2012 წლამდე პერიოდიდან – შტურმი დამოუკიდებელ კომერციულ ორგანიზაციებზე. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ყველა ტელევიზიამ და პარტიამ მიხედოს თავის ზიზღიან კომერციულ რეკლამებს, რომლებიც განთავსებულია კომერციულ ტელევიზიებში“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, თბილისსა და რამდენიმე ქალაქში გამოაკრეს ბანერები, სადაც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული წარწერით: „არა ნაცებს, არა ბოროტებას! არა ღალატს!“. ამასთან, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, აღნიშნული პლაკატები ვაქცინაციის წამახალისებელი შინაარსის ბანერებს გადააკრეს.