კალაძე – დმანისის ინციდენტზე: ყველა ადამიანი, ვინც ამ ძალადობაში მონაწილეობდა, დაისჯება
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე დმანისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ყველანაირი ძალადობა დასაგმობია.
„ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს. ეს იყო ძალიან მძიმე ინციდენტი. ყველანაირ ძალადობას ვეწინააღმდეგები, მათ შორის, ფსიქოლოგიურს. მათ შორის, იმ ძალადობას, რასაც კონკრეტული ტელევიზიები ახორციელებენ კონკრეტულ ადამიანების მიმართ. ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ძალადობაში მონაწილეობდა, აუცილებლად დაისჯება“, – აღნიშნა კალაძემ.
დმანისში, სოფელ განთიადში წინასაარჩევნო შეხვედრას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიჭრა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შსს-მ ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი ადამიანი.