ეკონომიკის ექსპერტი: საქართველომ უზრუნველყო რეიტინგის შენარჩუნება პანდემიამდე მაჩვენებლის დონეზე და კრიზისი დაძლია რეიტინგის გაუარესების გარეშე, რაც მთლიანად აქარწყლებს ოპოზიციის კრიტიკას ეკონომიკური პოლიტიკის არაეფექტურობაზე

„საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის აგვისტოს თვის შეფასების შემდეგ, როდესაც სააგენტომ დაადასტურა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ პანდემიამდელ დონეზე გააუმჯობესა, კიდევ ერთმა წამყვანმა სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ Ba2 დონეზე დაადასტურა, სტაბილური პერსპექტივით. სააგენტო, დადებითად აფასებს მთავრობის მიერ გატარებულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, როგორც პანდემიამდელ პერიოდში, რამაც შექმნა მყარი ფინანსური ბალიში, ქვეყანა ნაკლები ზარალით შეხვედროდა კოვიდ კრიზისის ნეგატიურ ზეგავლენას ეკონომიკაზე, ასევე, პანდემიის პერიოდში გატარებულ ღონისძიებებს ყველაზე მეტად დაზარალებული შინამეურნეობებისა და ბიზნესის მხარდასაჭერად,“ – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა, გიორგი ცუცქირიძემ.
ექსპერტის შეფასებით, კიდევ ერთი წამყვანი სარეიტინგო კომპანიის მიერ რეიტინგისა და სტაბილური პერსპექტივის უცვლელად დატოვება გამყარებულია როგორც მაკროეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანი რეაგირებით პანდემიასთან დაკავშირებულ შოკზე, ასევე, პანდემიამდე წარმატებით განხორციელებულ ფისკალურ კონსოლიდაციაზე, რამაც შექმნა მყარი საფუძველი და შესაძლებლობა გამოწვევებზე შესაბამისი რეაგირებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ფისკალური პარამეტრები გაუარესდა COVID 19 შოკის შედეგად.
Moody’s-ს პროგნოზითაც, 2021 წელს ეკონომიკის ზრდა 7 პროცენტზე მაღალი იქნება( 7.3%), რაც ნიშნავს, რომ ქვეყანამ თავიდან აირიდა სისტემური პრობლემები, რის შედეგადაც დღეს გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ეკონომიკური აღდგენა მთელს მსოფლიოში.
„2021 წელს ეკონომიკის გაჯანსაღებას საფუძვლად უდევს მოხმარების სტიმულირების მხარდამჭერი ფისკალური პოლიტიკა და რეგიონალური ტურიზმის სტაბილური აღდგენის ნიშნები. ამასთან, ფულადი გზავნილებისა და სასაქონლო ექსპორტის მიმართულებით ფიქსირდება მნიშვნელოვანი ზრდა. Moody’s ელოდება, რომ მომდევნო წლებში ეკონომიკური ზრდა პოტენციურ დონეს დაუახლოვდება და 4-5%-ის ფარგლებში იქნება, რაც განპირობებული იქნება პროდუქტიულობის ზრდის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებით სოფლის მეურნეობისა  და წარმოების სექტორებში, ექსპორტის შემდგომი დივერსიფიცირებით და ზრდით, მათ შორის, ევროპულ ბაზრებზე,“ – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.
ეკონომიკის ძლიერი გაჯანსაღებისა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი ეკონომიკური პოლიტიკის ფონზე, Moody’s-ის შეფასებით, 2021 წელს ფისკალური დეფიციტი 5.3%-მდე, ხოლო 2022 წელს 3%-მდე შემცირდება. სარეიტინგო კომპანიის პროგნოზითვე სახელმწიფო ვალი 2024 წელს 53%-მდე შემცირდება.
„ნიშანდობლივია, რომ, სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა ასახავს ხედვას, რომ რისკები არის დაბალანსებული. Moody’s-ისვე მოლოდინით, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ექსპორტის დივერსიფიკაციისა და ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად გაზრდის საქართველოს ეკონომიკურ სიძლიერეს და შესაბამისად, მხარს დაუჭერს რეიტინგის გაუმჯობესებას, რაც რეალურს ხდის მთავრობის მოლოდინს, ჩვენ უახლოეს მომავალში გავიდეთ უფრო მაღალ, საინვესტიციო რეიტინგზე, რაც პირდაპირი გზავნილი ინვესტორებისათვის, უფრო აქტიურად განახორციელონ ინვესტიციები ქართულ ეკონომიკაში,“ – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.
მისი თქმით, საქართველოს მიმართ სამივე წამყვანი სარეიტინგო კომპანიის შეფასებებმა ნათლად დაადასტურა სარეიტინგო კომპანიების სანდოობა ქვეყნის მიერ გატარებული სტრუქტურული რეფორმების მიმართ. „რაც მთავარია, საქართველომ უზრუნველყო რეიტინგის შენარჩუნება პანდემიამდე მაჩვენებლის დონეზე და კრიზისის დაძლევა რეიტინგის გაუარესების გარეშე, რაც მთლიანად აქარწყლებს ოპოზიციის კრიტიკას ეკონომიკური პოლიტიკის არაეფექტურობაზე და ამ კრიტიკის სპეკულაციურ და სუბიექტურ ხასიათზე მიუთითებს,“ – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები