კარი ჰენრიკსენი: საქართველო სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიზნით პოლიტიკური რეფორმების აქტიურად განხორციელების მაგალითია

სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი, კარი ჰენრიკსენი 18-19 სექტემბერს საქართველოში განხორციელებულ ვიზიტს აჯამებს.

ვიზიტის ფარგლებში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, კარი ჰენრიკსენი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი, რობერტო მონტელა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებსა და საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

„გადავწყვიტე, ჩემი პირველი ვიზიტი ახალ თანამდებობაზე საქართველოში განმეხორციელებინა, რადგან საქართველო სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიზნით პოლიტიკური რეფორმების აქტიურად განხორციელების მაგალითია. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა უკვე 20-ზე მეტი წელია, თვალყურს ადევნებს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და აღიარებს მის მუდმივ ჩართულობას სტაბილური და მდგრადი დემოკრატიული სისტემის მშენებლობისკენ მიმართული ძალისხმევის განხორციელებაში“, – აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

კარი ჰენრიკსენმა ხაზი გაუსვა პოლიტიკური სტაბილურობის, დიალოგისა და კომპრომისის მნიშვნელობას, რაც ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კონფლიქტების მოგვარებისთვის.

„რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებს, ბევრმა თანამოსაუბრემ აღნიშნა, რომ კამპანიის უხეში რიტორიკის მიუხედავად, საერთო ატმოსფერო შენარჩუნებულია და მე გულწრფელად მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს, კონსტრუქციულად ჩაერთონ არჩევნების შემდგომ პერიოდში, არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ ეროვნულ დონეზე. რაც მთავარია, ყველა პოლიტიკურმა დაინტერესებულმა მხარემ თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკური ძალადობის წაქეზებისა და განხორციელებისგან“, – განაცხადა კარი ჰენრიკსენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები