შალვა პაპუაშვილი საია-ის სარჩელს “აბსურდულს” უწოდებს

“საია-ის სარჩელი არის აბსურდული. ამასთან დაკავშირებით, პარლამენტში გვქონდა მსჯელობა, თუ როგორ არის საზღვრები გადანაწილებული. ეს არის პოლიტიკური თანხმობის ნაწილი და ამაზე ყველა შევთანხმდით”, – ასე შეაფასა პარტია „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა საია-ის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი, სადაც ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

პაპუაშვილის თქმით, გასაკვირია, რომ საია-მ არჩევნებამდე 2 კვირით ადრე გაამზადა აღნიშნული სარჩელი.

„გუშინ ვისაუბრეთ 2016 წლის არჩევნებზე, როდესაც მსგავსი ტიპის სარჩელი შეიტანეს. მოვისმინე საია-ს კომენტარი და მათ თქვეს, რომ ამ არჩევნების მიმართ პრეტენზიები არ აქვთ, რაც პირველ კითხვის ნიშანს წარმოშობს. თუკი ისინი ფიქრობენ, რომ არაკონსტიტუციური ნორმებია, ეგუებიან იმ ფაქტს, რომ არჩევნები არაკონსტიტუციურად ჩატარდეს? მეორე – თუკი მათი ერთადერთი სამიზნე არის ადგილობრივი თვითმმართველობის შემდეგი არჩევნები, რომელიც მომავალში 2025 წელს გაიმართება, ამისთვის მათ 4 წელი ექნებოდათ, ამიტომ, ესეც მეორე კითხვის ნიშანი, რომელზეც პასუხი არ არსებობს. ჩვენი ეჭვებიც აქედან გამომდინარეობს.

მოგეხსენებათ, საია ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაცია გახლავთ და ახლა ისინი ამბობენ, რომ ეს არჩევნები არის არაკონსტიტუციური. გამოდის, რომ ისინი არაკონსტიტუციურ არჩევნებს აკვირდებიან? რამდენად შეძლებენ, რომ იყვნენ მიუკერძოებელი და ობიექტური?“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები