„უზნეო სასულიერო პირები ჩანერგილები არიან, იმისთვის არსებობენ, რომ ეკლესიას სახელი გაუტეხონ“ – გიორგი ანდრიაძე

“უზნეო სასულიერო პირები ჩანერგილები არიან, იმისთვის არსებობენ, რომ ეკლესიას სახელი გაუტეხონ. მასმედია მათ ამბებს ინკოგნიტოდ იმიტომ ატრიალებს, რომ ეჭვი აბსოლუტურად ყველაზე გაჩნდეს”, – ამის შესახებ პატრიარქის მოადგილემ მეცნიერებათა აკადემიაში, გიორგი ანდრიაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი სასულიერო პირების სახელები აუცილებლად უნდა ითქვას და ისინი ეკლესიას უნდა მოცილდნენ.

ანდრიაძე სავარაუდო ფარული მიყურადების გზით სასულიერო პირების მოსმენის თაობაზე მედიაში გავრცელებულ მასალებს გამოეხმაურა.

„მინდა, მოვუწოდო იმ ტელევიზიებს, რომლებიც საზოგადობაში ამ ისტერიკას აწყობენ: საზოგადოებას ცოტა უფრო ვრცელი, დემოკრატიული და თავისუფალი ფორმატი შევთავზოთ, ვგულისხმობ დებატებს და ამ საკითხის განხილვას იმ ადამიანებთან, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. კონკრეტულად, მე ვთავაზობ ჩემს კანდიდატურას ყველა იმ პიროვნებას, გრიგოლია იქნება, მელაძე თუ სხვები, რომლებიც ამ საკითხს ყოველდღე, დილა-საღამოს არასწორი და არაობიექტური ინტერპრეტაციით აშუქებენ. ერთი პრობლემა, რომელზეც აქცენტი კეთდება, არის ის, რომ ფარული მოსმენები არ შეიძლება – ამაზეა ძირითადი აქცენტი, მაგრამ ყველაზე მთავარი მესიჯი, რომელიც საზოგადოების ქვეცნობიერში ჯდება, არის ისევ და ისევ დარტყმა ეკლესიაზე. მე ამას უკვე 10 წელია, ვამბობ: ყველა ის სასულიერო პირი, მაღალი იერარქიიდან დაწებული, სტიქაროსნით დამთავრებული, რომელიც უზნეო ცხოვრებას ეწევა, ჯერ კომუნისტების დროინდელი შეგზავნილი აგენტურაა, შემდეგ ეკლესია ამ პირებით სააკაშვილმა გაავსო. ჩემი ინფორმაციით, არის 10- 15 სასულიერო პირი, რომელიც თავისი უზნეო ცხოვრებით გარკვეულ წრეებშია ცნობილი. ამ ადამიანებს ყველა დეტალზე ეტყობათ ასეთი ცხოვრება. წარამარა იმაზე აპელირება, რომ ეკლესიაში არის მამათმავლობა, არიან ნარკომანები, მრუში მღვდლები, ისევ და ისევ ანტიეკლესიური, ანტიეროვნული ხელისუფლებების მოქმედების ნაყოფია. ეს უზნეო სასულიერო პირები ჩანერგილები არიან, იმისთვის არსებობენ, რომ ეკლესიას სახელი გაუტეხონ. მასმედია მათ ამბებს ინკოგნიტოდ იმიტომ ატრიალებს, რომ ეჭვი აბსოლუტურად ყველაზე გაჩნდეს. ამ სასულიერო პირების სახელები აუცილებლად უნდა ითქვას, უნდა მოცილდნენ ეკლესიას.
ამ ფარული მოსმენების თემას რომ არ ჰქონდეს ეს სეგმენტი, მაშინ, თითქოს, ყველაფერი თავის ადგილზე იდგებოდა, რომ ეს არის მხოლოდ პოლიტიკური და წინასაარჩევნო მორიგი აქცია, მაგრამ ამ აქციას ცალსახა ანტიეკლესიური ხასიათი აქვს. თქვენი საშუალებით მოვუწოდებ იმ ტელევიზიებს, რომლებიც ამის არასწორ ტირაჟირებას აკეთებენ, სიტყვის თავისუფლების ელემენტარული პრინციპი დაიცვან, განსხვავებული აზრის პირები მიგვიწვიონ, მათ შორის, მეც და მათთან საუბარში ამ მთელი ისტერიკის მკვეთრად გამოკვეთილი ანტიეკლესიური ხასიათი ნათელი გახდება“, – განაცხადა ანდრიაძემ.
მისივე თქმით, ეკლესიის მიმართ საზოგადების, განსაკუთებით, ახალგაზრდობის დაბრკოლება ხდება.
„ეჭქვეშ აყენებენ ყველა სასულიერო პირის მოქმედებას. აჩვენებ სინოდის კადრებს, ადებ ტექსტს, რომ აქ არიან მამათმავლები, პედოფილები, ამით ხომ ყველას უფლება, სახელი ილახება. დაასახელე, თუ დოკუმენტური მასალა გაქვს, მაგათი დამცველი არავინ არის, მათ იქედან გაუშვებენ. საქმე ისაა, რომ ეს მათი აგენტურაა, თავის აგენტურას ხომ არ გამოააშკარავებენ? „ეპისკოპოსი დასავლეთ საქართველოდან, ეპისკოპოსი აღმოსავლეთ საქართველოდან პედოფილიაშია ეჭვმიტანილი“ – მათი მთავარი მიზანი ამ ჭორის ტრიალია. ამით ხდება საზოგადების, განსაკუთრებით – ახალგაზრდობის დაბრკოლება ეკლესიის მიმართ, ხალხის ეკლესიიდან წასვლა, მთელი ამ ისტერიკის უმთავრესი მიზანი ესაა“, – განაცხადა ანდრიაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები