საქართველოს პრემიერმინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური ნიუ იორკს 20-25 სექტემბერს ეწვევა.

მათივე ცნობით, 21 სექტემბერს, გაერო-ს 76-ე სესიის გენერალური დებატები ოფიციალურად გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს პრემიერმინისტრი მსოფლიო ლიდერებთან ერთად დაესწრება.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერმინისტრის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.

გაერო-ს ტრიბუნიდან პრემიერმინისტრი გენერალური დებატების მონაწილეებს 24 სექტემბერს მიმართავს. ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის პროცესში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გენერალური დებატების ძირითადი თემაა „ქვეყნების გამძლეობის გაზრდა იმედის საშუალებით, რათა მოხდეს ახალი კორონავირუსისგან ხალხის გამოჯანმრთელება, ეკონომიკის მდგრადი აღდგენა, პლანეტის საჭიროებებზე რეაგირება, ადამიანის უფლებების პატივისცემა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არსის გამოცოცხლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები