ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი, მეგის ქარდავა საქართველოს გადმოეცა.
ქარდავა საქართველოში კიევი-თბილისის რეისით უკვე ჩამოიყვანეს.
ყოფილი მაღალჩინოსნის ექსტრადირების საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინის სასამართლომ 13 სექტემბერს მიიღო.
მეგის ქარდავა საქართველოდან 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილებისთანავე წავიდა. ამის შემდეგ, მას მძიმე ბრალდებები სისხლის სამართლის 11 საქმეზე წარედგინა, მათ შორის, 5 საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დაუსწრებლად დადგა.
ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, პატიმრების წამების ეპიზოდზე, მეგის ქარდავას 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.
გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 2006 წლის ციხის ბუნტის საქმეზეც – მეგის ქარდავა ისევ პატიმარების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავედ ცნეს და 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
იგივე სასჯელი მიესაჯა ქარდავას ზუგდიდის პოლიციაში ბელა როგავას დამამცირებელი მოპყრობის საქმეზე.
ე.წ. კასრების საქმეში წამებასა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, მეგის ქარდავას სასჯელი 9 წლით განესაზღვრა. 9 წელი მიესაჯა პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამებით გარდაცვალების საქმეზეც.
თბილისის საქალაქო სასამართლო მეგის ქარდავას წინააღმდეგ 6 საქმეს ჯერ კიდევ განიხილავს.
სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, მეგის ქარდავა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ორჯერ დაჯილდოვდა, კონსტიტუციური წყობილების დაცვისა და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის.