თბილისის მოქმედი მერისა და მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიცური პარტიები ქვეყანაში დესტაბილიზაციას ცდილობენ, თუმცა, მმართველი გუნდი მათ ამის საშუალებას არ მისცემს. როგორც მერმა აღნიშნა, დიპლომატიურ კორპუსს საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენებენ.
„გვახსოვს განვლილი არჩევნებიც. იგივე ხელწერაა და ბინძური მეთოდებით ცდილობენ, დესტრუქცია, გაურკვევლობა შემოიტანონ, თუმცა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. საზოგადოებისთვის იყო მნიშვნელოვანი, მიგვეწოდებინა ინფორმაცია. ასევე, დიპლომატიურ კორპუსს მივაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას, რომ ყველამ იცოდეს, ვისთან და რასთან გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა, ქვეყანაში გარკვეული არეულობისა და დესტაბილიზაციის შემოტანის შესაძლებლობა არავის მიეცემა.
ბევრი გარემოებაა, რაც ეჭვებს ქმნის. თუნდაც ის, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან ე.წ. დამკვირვებლად. დამკვირვებლის გარდა, ყველაფერი შეგვიძლია, ვუწოდოთ ამ ადამიანებს. ასე რომ, შესაბამისი სამსახურებიც გააქტიურდებიან და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსსაც მიეწოდებათ ეს ინფორმაცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.