კონგრესმენი ალექს მუნი: ჩვენ გვჭირდება მეგობრები მსოფლიოს ამ ნაწილში – საქართველო შესანიშნავი პარტნიორი იყო სამხედრო ოპერაციებში

კონგრესმენმა, ალექს მუნმა, საქართველოს პარლამენტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, კონგრესის ასიგნებების კომიტეტის მიერ მიღებული შესწორებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„კმაყოფილი დავრჩი, როცა ვნახე, რომ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა, კერძოდ, ასიგნებების კომიტეტმა მიიღო შესწორება, რომელშიც საუბარია საქართველოს მხარდაჭერაზე, მსგავსად „საქართველოს მხარდამჭერი აქტისა“, რომელსაც ჩვენც ვიზიარებთ, რათა საქართველოს მხარი დავუჭიროთ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და, ასევე, მხარი დავუჭიროთ კარგ საერთაშორისო ურთიერთობებს. კერძოდ კი, გავაგრძელოთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ძალისხმევისა და მეტი თავისუფალი ვაჭრობის მხარდაჭერა.
ელჩთან ვისაუბრეთ ფინანსური კორპორაციის განვითარებისა და მისი ოფისის გახსნის შესაძლებლობის შესახებ, რათა აშშ-დან მეტი ინვესტიცია შემოვიდეს საქართველოში და ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობა და ეკონომიკური განვითარება წახალისდეს“, – განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა.

მისი თქმით, ამერიკული მხარისთვის ცნობილია, რომ საქართველო ნაბიჯებს დგამს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით და მუშაობს ევროპელ პარტნიორებთან.

„რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს – ჩვენ გვჭირდება მეგობრები მსოფლიოს ამ ნაწილში. საქართველო შესანიშნავი პარტნიორი იყო სამხედრო ოპერაციებში. ვიზიარებთ საქართველოს შეშფოთებასა და წუხილს. დედაჩემი კუბელია და კომუნისტებმა მათი ქვეყანა დაიპყრეს, ჩვენ ვიცით, რომ ახლა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულია და ამის გამო ძალიან შეშფოთებული ვართ“, – აღნიშნა კონგრესმენმა, ალექს მუნმა.

ამერიკელმა სტუმარმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მალე, კიდევ ერთხელ ეწვევა.

„საქართველოში ჩემს ორ კოლეგასთან ერთად ვიმყოფები, რათა შევხვდე ჩვენს მეგობრებს. თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. ეს ჩემი მეორე ვიზიტია საქართველოში, პირველად ორი წლის წინ, ადამ კინზინგერთან ერთად ვეწვიე თქვენს ქვეყანას და იმედი მაქვს, რომ მალე დავბრუნდები. ჩვენ ვართ აშშ-საქართველოს ასოციაციის სტუმრები, რომელიც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის კარგ ურთიერთობებს“, – განაცხადა ალექს მუნმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები