„მოპედის მძღოლებს მართვის უფლებისთვის გამოცდა ექნებათ ჩაბარებული, ვფიქრობთ, საგზაო შემთხვევების რიცხვი დაიკლებს“ – ირაკლი იზორია

“გვეყოლებიან მოპედის მძღოლები, რომლებსაც მართვის თეორიული გამოცდა ექნებათ ჩაბარებული, ვფიქრობთ, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რიცხვი დაიკლებს”, – ამის შესახებ ფონდ “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დირექტორმა, ირაკლი იზორიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

იზორიამ მოპედების სავალდებულო რეგისტრაციის საკითხი შეაფასა.

„მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა კანონპროექტი, რომელიც მთავრობის მიერ იყო ინიცირებული და უშუალოდ მოპედების კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციას ეხება. ჩვენ ვიცით, რომ დღეს მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო არაა, თუმცა, ამ ახალი კანონპროექტით 2022 წლის 1-ელი მარტიდან აუცილებელი იქნება, მანამდე კი ეს ნებაყოფლობითი იქნება. შემოვა AM კატეგორიის მართვის უფლება და მოპედის მძღოლებს შესაბამისი თეორიული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. ანუ მოპედი საქართველოში ჩვეულებრივი სატრანსპროტო საშუალება იქნება და მასზე ის მოთხოვნები გავრცელდება, რაც ჩვეულებრივ ავტომობილებზე. სამართალდარღვევის შემთხვევაში, მოპედების მძღოლებსაც დააჯარიმებენ.
ჩვენი აზრით, ეს რეგულაცია აუცილებელი და მისაღები იყო. ეს საკითხი, დაახლოებით, 4-5 წლის წინ დაისვა, ვინიადან მოპედების რიცხვი გაიზარდა, საგზაო სატრანსპროტო შემთხვევებში მათმა წილმაც იმატა. შესაბამისად, აუცილებელი იყო ეს ცვლილებები. გვეყოლებიან მოპედის მძღოლები, რომლებსაც თეორიული გამოცდა ექნებათ ჩაბარებული, ვფიქრობთ, რომ საგზაო-სატრანსპროტო შემთხვევების რიცხვი დაიკლებს.

ასევე, აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების პრაქტიკულ ნაწილში აუცილებელი ხდება მეორე ეტაპის დამატება. ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ შიდა მოედანზე ჩაბარების საშუალება გვაქვს. ახლა კი მძღოლმა გამოცდა გარეთ, ქალაქის სიტუაციაში უნდა ჩააბაროს. ეს საკითხი ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებაში იყო აღნიშნული. მივესალმებით, რომ წინ მივდივართ და ჩვენი კანონმდებლობა უფრო ევროპულ კანონმდებლობას ემსგავსება“, – განაცხადა ირაკლი იზორიამ.
ცნობისთვის, მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო 2022 წლის 1-ელი მარტიდან გახდება.
6 სექტემბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

პროექტის თანახმად, მოპედები მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს უთანაბრდება და მათზე იგივე მოთხოვნები გავრცელდება, რაც ნებისმიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისთვისაა დადგენილი.

„მოპედების მძღოლებს მოუწევთ მოპედების რეგისტრაცია და ახალი ტიპის – AM კატეგორიის მართვის მოწმობის აღება. მოპედების რეგისტრაცია 2022 წლის 1-ელ მარტამდე იქნება ნებაყოფლობითი, ხოლო 2022 წლის 1-ელი მარტიდან – სავალდებულო“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.

კიდევ ერთი ცვლილება, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს, არის ის, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდება. ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, ცვლილებების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების იმპლემენტაციაა, რის შედეგადაც, საბოლოოდ, ქართული მართვის მოწმობის ევროპული ქვეყნების მართვის მოწმობებში გადაცვლა იქნება შესაძლებელი.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები