სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება – არიან თუ არა მზად სკოლები დასწრებით რეჟიმზე გადასასვლეად

4 სექტემბრიდან 330-მდე სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება. არიან თუ არა მზად სკოლები კოვიდპანდემიის პირობებში დასწრებით სწავლებაზე გადასასვლელად და როგორ ხვდება სიახლეებს საზოგადოება? ეს ის მთავარი კითხვებია, რაც დღეს საზოგადოებას აქვს სკოლებში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით.

“კვირა” დაინტერესდა, რა მოლოდინები აქვთ მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებსა და, ზოგადად, სკოლის ადმინისტრაციას და როგორ ემზადებიან სასწავლო რეჟიმის ცვლილებისთვის სკოლები.

წალენჯიხის საჯარო სკოლის დირექტორი, გერონტი გოგოხია ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ სკოლის თანამშრომელთა 60% აცრილია სრულად ან, ნაწილობრივ, 4 ოქტომბრისთვის კი ყველა თანამშრომელი სრულად ვაქცინირებული იქნება, რაც, გოგოხიას თქმით, საკლასო ოთახებში სწავლის განახლებისთვის სკოლის მზაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა

“პირადად მეც აცრილი ვარ ორი დოზით, სხვა მასწავლებლებიც, მოუთმენლად ველოდებით სწავლის აუდიტორაში განახლებას. გვესმის, რთული ეპიდსიტუაციაა ქვეყანაში, ამიტომ, წელს საზეიმო ღონისძიებები არ გვექნება. სკოლაში დაცული იქნება განათლების სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინიტროს ყველა რეკომენდაცია. გამოწვევების მოუხედავად, იმედს ვიტოვებ, წარმატებული წელი გვექნება“, – ამბობს სკოლის დირექტორი “კვირასთან” საუბრისას.

სხვა სკოლების მსავსად, სწავლის დაწყების დღეს საზეიმო ღონისძიება არ გაიამართება ხობის საჯარო სკოლაშიც.

სკოლის დირექტორის, ლელა შუალაიას თქმით, პედაგოგთა უმრავლესობა აცრილია. შუალაია ყველას მოუწოდებს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ, რადგან, მისი განმარტებით, სწორედ ეს არის ერთადერთი გზა, რომ ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდეთ.

„სასწავლო წლის დაწყება მასწავლებლისთვისაც ყოველთვის მღელვარებითაა მოცული. წელს განსაკუთრებით, როცა ასეთ ვითარებაში გვიწევს მოსწავლეებთან შეხვედრა. პანდემიის გამო, ძალიან შეგვეცვალა გეგმები, მოსწავლეებსაც მოტივი აქვთ სწავლის მიმართ დაკარგული, თუმცა, იმედს ვიტოვებ, საკლასო ოთახებში ურთიერთობა მოგვცემს ამ პრობლემის გამოსწორების საშუალებას. მიხარია, რომ მათ აცრილი შევხვდები, ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რათა დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას”, – თქვა ლელა შუალაიამ.

“კვირა” რამდენიმე მშობელსაც გაესაუბრა. როგორც გაირკვა, ისინი ბავშვების ინფიცირებაზე მეტად უკვე მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე ღელავენ. როგორც ლანა შენგელიამ “კვირას” განუცხადა, პანდემიის გამო, სახლში ჩაიკეტა პატარების თაობა, რაც მათ ფსიქოლოგიაზე ძალიან მოქმედებს.

“უკვე მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე უფრო ვღელავ, ვიდრე იმაზე, რომ კოვიდი შეიძლება, დაემართოთ. ამიტომ, მოითმენლად ველოდებით საკლასო ოთახებში სწავლის დაწყებას.
‘ჩემი შვილიც თანახმაა, ყველა წესი დაიცვას და იჯდეს საკლასო ოთახში. ამ ასაკში სჭირდებათ ახალი ხალხი, ახალი ემოციები. ახალი გამოცდილება. ახლა უნდა შეუყვარდეს, ხან უნდა გადაუყვარდეს. გაბრაზდეს, გაუხარდეს. ძალიან გახარებული ვართ სწავლის დაწყების გადაწყვეტილებით, როგორც კი შესაძლებელი იქნება, აიცრება ჩემი შვილიც”, – უთხრა “კვირას” 14 წლის დათოს დედამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები