პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი პირველი მოსმენით იხილება, საკითხის მომხსენებელმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერი დეპუტატის, თინათინ ბოკუჩავას ბრალდებებს უპასუხა.
„ავტოკრატიული რეჟიმის მარიონეტი” – ეს იყო საუკეთესო ეპითეტი, რომელიც მოვისმინეთ ქალბატონი თინა ბოკუჩავასგან, რომელიც 9 წელი ემსახურებოდა ავტოკრატიულ რეჟიმს და იყო მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. რაც შეეხება შეთანხმების ანულირებასა და ამაზე ქალბატონი თინას ბრალდებას – ანულირებასთან დაკავშირებით ბრალს გვიყენებს იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელიც ამ შეთანხმებას 4 თვე ხელს არ აწერდა.
ამაზე მეტი აბსურდი რა შეიძლება იყოს პოლიტიკაში და ცხოვრებაშიც. 4 თვე ხელს არ აწერდით ამ დოკუმენტს და ახლა ჩვენ გვაბრალებთ, რომ ეს დოკუმენტი ანულირებულია. თქვენ მოახდინეთ, პრაქტიკულად, ამ დოკუმენტის ანულირება იმით, რომ 4 თვე ხელს არ აწერდით და შეურაცხყოფას აყენებდით ჩვენს დასავლელ პარტნიორებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.