ფონიჭალაში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულებიდან ერთ-ერთი არასრულწლოვანია – ადვოკატის კომენტარი

ფონიჭალაში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ პირთაგან ერთ-ერთი 17 წლის, არასრულწლოვანია.

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი თავის ძმასთან ერთად დილით ავტომობილში დააკავეს.

დაკავებულის ადვოკატის, გოგა ბოგვირაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

უფლებადამცველის განმარტებით, ბრალდების მხარეს მისთვის საქმის მასალები არ გადაუცია, შესაბამისად, არსებული მტკიცებულებების შესახებ მისთვის ცნობილი არ არის.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს დანაშაულს, დაკავებულია ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ფაქტზე, იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. ბრალდების მხარეს არ გადმოუცია საქმის მასალები, შესაბამისად, არანაირი მტკიცებულება ჩემთვის არ არის ცნობილი. არ მაქვს ინფორმაცია მისი ძმის დაკავებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ვერ დაგიდასტურებთ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მუშაობს ხელობაზე, კერძოდ, მშენებლობაზე”, – თქვა გოგა ბოგვირაძემ.

აღსანიშნავია, რომ ბზიფის ქუჩის 17 ნომერში, სადაც კრიმინალური სამსახურის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს, ოჯახის ახლობლებსა და ჟურნალისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი “ტვ პირველის” ოპერატორს ავტომობილით დაეჯახა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

შეგახსენებთ, რომ შს სამინისტრომ თბილისში, ლაგოდეხში, მარნეულში, რუსთავსა და ბათუმში ნარკორეალიზატორები დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. დაკავებულებს ბრალი განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში, უკანონო გასაღებასა და ჯგუფურად ჩადენილ უკანონო გასაღების მცდელობაში ედებათ.
დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები