სახელმწიფო პოლიტიკის კვლევითი არაკომერციული ორგანიზაციის, ლექსინგტონის ინსტიტუტის უფროსი ვიცეპრეზიდენტი, დოქტორი დენიელ გური, რომელიც ადრე პენტაგონშიც მუშაობდა, მიიჩნევს, რომ დროა, ნატო-მ სერიოზული ფიქრი დაიწყოს აღმოსავლეთ ევროპაში თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე.
დენიელ გურის სტატია გამოცემა 19fortyfive.com-ზე გამოქვეყნდა.
სპეციალისტი ამბობს, რომ რუსეთი ნატო-ს მოკავშირეების დაშინებაზეა მიმართული, ასევე, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სტაბილურობის შესამცირებელ ქმედებებს აგრძელებს. მისი თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალები აუმჯობესებენ თავიანთ შესაძლებლობებს, განალაგონ ერთობლივი სამხედრო ძალები დასავლეთ საზღვარზე და განახორციელონ მოკლევადიანი შეტევები ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე.
გური მიიჩნევს, რომ “რუსეთის მხრიდან მზარდი სამხედრო საფრთხე ფოკუსირებულია იმ სახელმწიფოების სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რომლებიც ყველაზე მეტად არიან რუსული აგრესიის პირდაპირი საფრთხის ქვეშ”.
“მოსკოვი იწყებს შეტევას “ქვეყნის მასშტაბით” ნატო-ს წინააღმდეგ. ამ ძალისხმევაში, რუსეთის შეიარაღებული ძალები მოწოდებულნი არიან, გახდნენ პოლიტიკური იძულების ინსტრუმენტები, ასევე, ძალის გამოყენებით რუსეთის მიზნების მიღწევის საშუალებად. გასული წლის აპრილში, უკრაინასთან პოლიტიკური არეულობის დროს მოსკოვმა სწრაფად მოახდინა ჯარების კონცენტრირება ამ ქვეყნის საზღვრებთან.
გარდა ამისა, მოსკოვმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში 20 ახალი სამხედრო შენაერთის ფორმირების შესახებ, ნატო-ს შეწინააღმდეგების მიზნით. მომავალ კვირას რუსეთი და ბელორუსი ჩაატარებენ დიდ სამხედრო წვრთნას “დასავლეთი2021”, რომელიც ჩატარდება ნატო-ს საფრთხისგან თავდაცვის უნარის შემოწმების ეგიდით. ეს წვრთნები არ განსხვავდება იმ განლაგებისგან, რომლებიც საჭიროა ბალტიის ქვეყნებზე, პოლონეთზე ან უკრაინაზე თავდასხმისთვის.
ათ წელზე მეტია, რუსეთი ახორციელებს ფართომასშტაბიან და ძვირადღირებულ ძალისხმევას ყველა შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისთვის, ჩვეულებრივით დაწყებული და ბირთვულით დამთავრებული. ეს პროგრამა, უპირველესად, ფოკუსირებულია დასავლეთით ნატო-ს წინააღმდეგობის გაწევის უნარზე. რუსეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო და სარაკეტო განლაგება ამ მხარეში როგორც რაოდენობრივად, ისე, ხარისხობრივად. მან ასევე გააუმჯობესა დამხმარე საშუალებები, მათ შორის, დაზვერვითი, თვალთვალის, სარდლობის, კონტროლისა და კომუნიკაციების, ასევე, ლოგისტიკის.
სამხედრო პოტენციალის გაუმჯობესება ნატო-სთვის წარმოადგენს როგორც პირდაპირ, ისე – ირიბ საფრთხეს. ამ ფონზე, მრავალი ექსპერტი და პოლიტიკური ინსტიტუტი მხარს უჭერს უფრო გადამწყვეტ მიდგომას აღმოსავლეთ ევროპისთვის საფრთხეების აღსაკვეთად. მათი აზრით, ნატო-მ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ოთხი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი:
პირველ ყოვლისა, მან უნდა აღიაროს შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა და აღმოფხვრას არსებული “მრავალდონიანი ყოფნა” ბალტიის ზღვის რეგიონში, რომელიც გულისხმობს ადგილზე “გაძლიერებულ ყოფნას” და შავი ზღვის რეგიონში “ინდივიდუალიზირებულ ყოფნას”. ამის შემდეგ, ნატო-ს წევრებმა უნდა გააუმჯობესონ სიტუაციური ინფორმირებულობა და მოემზადონ კრემლის პროვოკაციებზე, სწრაფი პოლიტიკური და სამხედრო რეაგირებით მთელს აღმოსავლეთ ფლანგზე. მესამე, მოკავშირეებმა უნდა განახორციელონ საჰაერო და სარაკეტო შესაძლებლობების მოდერნიზება და გააუმჯობესონ უსაფრთხოების თანამშრომლობის პროგრამები, პროცედურები და პერსონალის მომზადება. და ბოლოს, ნატო-მ უნდა დაუჭიროს მხარი შავი ზღვის რეგიონში ალიანსის პარტნიორებს – უკრაინასა და საქართველოს და გაზარდოს ინვესტიცია მათ ეკონომიკურ განვითარებაში.
არსებობს მეხუთე ნაბიჯიც, რომელიც ნატო-ს უნდა დაემატოს: მისი წევრებისა და სხვა სახელმწიფოების უნარების ამაღლება აღმოსავლეთის მიმართულებით თავდაცვის მიზნით. პოლონეთი არის ნატო-ს ნებისმიერი ეფექტური თავდაცვის ქვაკუთხედი აღმოსავლეთში და ბუნებრივი რეგიონალური ლიდერი. ის სწრაფად გადადის მოძველებულ საბჭოთა ტექნიკიდან თანამედროვე დასავლურ პლატფორმებსა და სისტემებზე. პოლონეთმა შეიძინა “პატრიოტის” ტიპის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები და მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემის შორი დისტანციური სარაკეტო და საარტილერიო პლატფორმა. სულ ახლახან, მან ხელი მოაწერა კონტრაქტს F-35-ის შეძენაზე, ასევე, გამოაცხადა მზაობა, შეიძინოს ასობით ამერიკული ტანკი M1A2 Abrams.
ვინაიდან მოსკოვს უკრაინა აშკარად აქვს მიზანში ამოღებული, ნატო-ს ყველა წევრისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს კიევისთვის სამხედრო საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებების მიწოდება. ტრამპის ადმინისტრაციამ ასობით მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია უკრაინას, მათ შორის, მიაწოდა სასიკვდილო საბრძოლო მასალები, როგორიცაა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები – Javelin. ამ მხარდაჭერის საფუძველზე, ბაიდენის ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა თავისი განზრახვა, მიაწოდოს უკრაინას თითქმის 150 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება, მათ შორის, საარტილერიო რადარები, საკომუნიკაციო და ელექტრონული ბრძოლის საშუალებები, დრონებთან ბრძოლის სისტემები და სწავლება. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტის დროს, თეთრი სახლი მას დაჰპირდა დაახლოებით 60 მილიონი აშშ დოლარის დამატებით დახმარებას.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეიძლება, იყოს შეერთებული შტატებისა და ნატო-ს დამატებითი ძალების განლაგება ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრებთან ახლოს. ბალტიის ქვეყნებში საბრძოლო ჯგუფების როტაციული განლაგება უნდა შეიცვალოს ნატო-ს ძალების მუდმივ განთავსებაზე”, – წერს დოქტორი დენიელ გური.