საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის მიერ კოვიდბარათის გაყალბების შესახებ ერთ-ერთ ტელეკომპანიაში გავრცელებული ინფორმაცია ყალბია.
გიორგობიანის განმარტებით, კოვიდბარათის მიღება შეუძლია, როგორც სრულად, ისე ერთჯერადად ვაქცინირებულ პირს.
„დღეს ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ „სკანდალური“ ამბავი აცნობა საზოგადოებას და მორიგი „ფეიკ ნიუსია“ გაავრცელა იმის შესახებ, რომ თითქოსდა პრემიერ-მინისტრმა დანაშაული ჩაიდინა და კოვიდბარათი გააყალბა, ამ დანაშაულის ამსახველი მასალა კი, მისმა პრესსამსახურმა პირადი კამერით გადაიღო და საჯაროდ გაავრცელა. არა და, ძალიან მარტივი იყო იუსტიციის სახლის გვერდზე ინფორმაციის გადამოწმება, სადაც ნათლად წერია, რომ კოვიდბარათის მიღება შეუძლია როგორც სრულად, ისე ერთჯერადად ვაქცინირებულ პირს.
ნებისმიერ პირს შეუძლია იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში აიღოს COVID 19 ბარათი, რომელშიც მოცემულია შემდეგი ინფორმაცია: ვაქცინაციის სტატუსი, ბოლო pcr კვლევის შედეგი, ინფიცირების სტატუსი ბოლო 6 თვე. ბარათი გაიცემა უფასოდ.
ამავე ტელეკომპანიამ, პრემიერ-მინისტრის ნებართვის გარეშე, მისი პირადი მონაცემები უკანონოდ გამოიყენა და ვაქცინაციის პორტალზე თვითნებურად დაარეგისტრირა. ეს სამარცხვინო ქმედებაც, ისევე როგორც გავრცელებული ტყუილი „გაყალბებულ“ კოვიდბარათზე, არც ჟურნალისტურ და არც ადამიანურ სტანდარტში არ ჯდება!“ – აღნიშნავს ნინო გიორგობიანი.