ზაალ უდუმაშვილი არ თვლის, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე “ნაციონალურ მოძრაობის” ხელმოწერა დაგვიანებულია
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზაალ უდუმაშვილი სენატის საგარეო კომიტეტის რესპუბლიკელი წევრის, ჯიმ რიშის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ პარტიის მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა დაგვიანებული არ არის.
უდუმაშვილის თქმით, დოკუმენტი ძალაში იყო, რასაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებიც აღიარებენ და ამბობენ, რომ მისი ანულირება ვერ მოხდება, რადგან მასზეა ყველა იმ მხარის ხელმოწერა, რომელიც მონაწილეობდა მოლაპარაკებებში.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განმარტებით, პარტიამ შეთანხმებაზე ხელმოწერით მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.
„შეიძლება, სხვადასხვანაირი შეფასებები მოჰყვეს ჩვენს გუშინდელ გადაწყვეტილებას, თუმცა, მაშინაც ვაცხადებდით, რატომ ვერ ვაწერდით და არ ვაწერდით ხელს დოკუმენტს. მაგრამ ის, რაც გააკეთა შემდგომ „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც შეიძლება, მხოლოდ საბაბად მოიყვანო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გამო გადის დოკუმენტიდან, ეს ხომ წმინდა წყლის მიზეზის მოძებნის მცდელობა იყო. „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელი რომც ჰქონოდა მოწერილი, „ქართული ოცნება“ დოკუმენტს მაინც დატოვებდა, ოღონდ – სხვა საბაბით. აქ ხომ რეალობა სხვა იყო, ის, რომ „ქართული ოცნება“ ვერ იღებს 43 პროცენტს, ვერ უახლოვდება ბარიერს და ამიტომ გადაწყვიტა დოკუმენტიდან გასვლა, თითქოს ის ვალდებულება ჩამოეხსნა, რომელიც 43%-იან ბარიერს უახლოვდება. ეს ვერაფრით ვერ მოხდება ასე, იმისდა მიუხედავად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნებოდა თუ არა ხელი მოწერილი დოკუმენტზე. დოკუმენტი ძალაში იყო და ამას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც აღიარებენ და ამბობენ, რომ მისი ანულირება ვერ მოხდება, რადგან მასზეა ყველა იმ მხარის ხელმოწერა, რომელიც მონაწილეობდა მოლაპარაკებებში. შესაბამისად, ცალმხრივად ამ დოკუმენტის დატოვება წარმოუდგენელია. არ ვთვლი, რომ ეს დაგვიანებულია. ასევე, გუშინ მოვისმინეთ ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ ასეთ დოკუმენტზე ხელმოწერა არასოდეს არის დაგვიანებული, ყოველთვის დროულია. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება, როდესაც დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.