რატი ბრეგაძე: ყველას გვახსოვს ის ცნობილი კადრები, როდესაც ტელეკამერებითა და მიკროფონებით შეიარაღებულ ჟურნალისტებთან ავტომატებით კბილებამდე შეიარაღებული სპეცრაზმელები შეიჭრნენ, ამ ყველაფერს „ქართულმა ოცნებამ” უპრეცენდენტო თავისუფლების დამკვიდრებით უპასუხა

„ყველას გვახსოვს ის ცნობილი კადრები, როდესაც ტელეკამერებითა და მიკროფონებით შეიარაღებლ ჟურნალისტებთან ავტომატებით კბილებამდე შეიარაღებული სპეცრაზმელები შეიჭრნენ. ძირს დააწვინეს ჟურნალისტები, დაამტვრიეს ტექნიკა, ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენეს და, ფაქტობრივად, ტელევიზიის ანექსია მოახდინეს. ეს არც თუ ისეთი შორი წარსულია”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „ქართული ოცნების” საჩხერის მერობის კანდიდატის, ლევან ივანაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, წინა ხელისუფლება მედიაზე კონტროლს ძალადობრივი გზებით ამყარებდა,
განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ყველა ადამიანს კი მონსტრად წარმოაჩენდა.

„კარგად გემახსოვრებათ, 2012 წელს დაფუძნდა “რეალ ტვ”, რომელიც წარმოადგენდა ზეციურ საქართველოს. ყველა ადამიანს, რომელსაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება ჰქონდა, წარმოაჩენდნენ მონსტრებად. ბატონი პრემიერმინისტრი სწორედ ამაზე საუბრობდა, რომ ამ ხალხს ჰქონდა „უნიკალური ნიჭი” რეალობის დამახინჯებისა. ანუ, ერთი მხრივ, თავისუფალი სიტყვა დააპატიმრეს, ხოლო მეორე მხრივ, შექმნეს საკუთარი სამოთხე”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მედიაზე საუბრისას რატი ბრეგაძემ „მოდელირებული ქრონიკაც” გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ გადაცემის ეთერში გასვლის შემდგომ ჯანმრთელობის პრობლემა არაერთ ადამიანს შეექმნა.

„კარგად გვახსოვს, ომის შემდგომ პერიოდში იმიტირებული გადაცემით დაზაფრეს მთელი მოსახლეობა. ვიცით, რამდენი ადამიანი დაავადდა იმ პერიოდში, როდესაც წარმოაჩინეს, რომ თითქოსდა ისევ შემოსული იყო მტერი და ხდებოდა ქალაქის დაპყრობა. რა მდგომარეობაში ჩააგდეს მოსახლეობა?!”, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
მანვე, 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის” მიერ სატელევიზიო თეფშების დაზიანების ფაქტები და თავისუფალი სიტყვისთვის დაჭერილი ჟურნალისტებიც გაიხსენა.

„კარგად გავიხსენოთ 2012 წელი და სატელვიზიო თეფშებზე მონადირე ხელისუფლება, რომელიც ტექნიკას შეგნებულად აფუჭებდა იმავე საბაჟოზე და შემდგომში ამსხვრევდა, ლეწავდა და ცდილობდა, რომ განსხვავებული აზრი არ გავრცელებულიყო. ეს იყო რეალობა.
გავიხსენოთ ჟურნალისტების დაჭერა. რამდენი ჟურნალისტი იჯდა თავისუფალი სიტყვისთვის ციხეში? წესით, ბუნებრივია, ეს ყველაფერი ძალიან კარგად უნდა გვახსოვდესდეს იმისთვის, რომ შემდგომში ჩვენც არ დავკარგოთ რეალობის განცდა და ვიცოდეთ საიდან დავიწყეთ და სად მივდივართ. ამ ყველაფერს „ქართულმა ოცნებამ” უპრეცენდენტო თავისუფლების დამკვიდრებით უპასუხა”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები