„როდესაც ქვეყანას დამატებითი შემოსავალი უჩნდება, ის ეკონომიკურად რაციონალურად იქცევა და დამატებით სესხს აღარ იღებს“ – სოსო არჩვაძე

“როდესაც ქვეყანას დამატებითი შემოსავალი უჩნდება, ის ეკონომიკურად რაციონალურად იქცევა და დამატებით სესხს აღარ იღებს”, – ამის შესახებ ეკონომიკის საკითხების ექსპერტმა, სოსო არჩვაძემ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც არჩვაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობსიას განმარტა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2021 წელს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 3, 4 % უნდა ყოფილიყო, ახლა კი ეს მონაცემი გაორმაგდა და ვარაუდობენ, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა, სულ ცოტა, 7, 7 %-ით გაიზრდება. არჩვაძის თქმით, რაც უფრო მაღალია ეკონომიკური ზრდა, ბიუჯეტში მით მეტი სახსრების მობილიზაციის შესაძლებლობაა და ნაკლები სესხის აღების საჭიროება იკვეთება.

„როგორც წესი, განვითარებული საბაზრო ეკონომიკის პირობებში ნებისმიერი ქვეყანა, კომერციული სტრუქტურა თუ ხშირად ცალკეული პირი თავისი მიმდინარე ამოცანების გადაწყვეტისათვის სესხს იღებს, რაც გარკვეული ვადის შემდეგ გარკვეულ პროცენტთან ერთად უნდა დაფაროს. საქართველო, ისე როგორც ქვეყნების უმრავლესობა, გამონაკლისს არ წარმოაგდენს. რატომ ხდება ზოგადად სესხის აღება – სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და რიგი სხვა ამოცანების გადაჭრისთვის ქვეყანას როცა საკმარისი რესურსები არ გააჩნია, ამ ვალდებულებების, ამოცანებისთვის საჭირო ხარჯების დასაფარად საერთაშორისო ფინანასურ ინსტუტუტებს  ან ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებს მიმართავს.
როგორც ვთქვით, საქართველო ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 90-იანი წლების შუა ხანებიდან დღემდე, დაახლოებით, 18 მილიარდ დოლარზე მეტი სესხი აქვს აღებული, რომლის დიდი ნაწილი, 2/3 ზე მეტი დღეისათვის გადახდილი აქვს.
სესხს იღებენ ჩვენზე ეკონომიკურად გაცილებით ძლიერი ქვეყნები და გაცილებით სუსტებიც. დგება ერთი მომენტი: რამდენად დროული და მიზნობრივია ამ სესხების გამოყენება. ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს. თავად სესხის სიდიდე კი არ არის განმსაზღვრელი, არამედ – მისი გამოყენების ეფექტიანობა. გარკვეულწილად, ხდება შეფასება, რა თანაფარდობაშია აღებული სესხი ქვეყნის ეკონომიკურ მთავარ მაჩვენებელთან – მთლიან შიდა პროდუქტთან“, – განაცხადა არჩვაძემ.

მისივე თქმით, კოვიდპანდემიის გამო, საქართველოს ეკონომიკა შემცირდა, თუმცა, ამჟამად ეკონომიკაში გარკვეული გამოცოცხლება შეინიშნება.

„მოგეხსენებათ, საქართველომ კოვიდპანდემიის გამო გარკვეული დარტყმა განიცადა, ისევე როგორ დანარჩენმა მსოფლიომ. ეკონომიკა შემცირდა და იძულებულები გავხდით, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისათვის დახმარების მისაღებად მიგვემართა. საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტებში მყარი, მაღალი, პოზიტიური რეპუტაცია აქვს. ჩვენი ქვეყანა იყო ერთერთი პირველი, რომელსაც საერთაშოირისო სავალუტო ფონდმა და შესაბამისმა, სპეციალიზირებულმა ინსტიტუტებმა დახმარების ხელი გაუმართეს და ეს სახსრები მიმდინარე ვალდებულბების დასაფარად იქნა გამოყენებული. ამან გარკვეულწილად შეამცირა იმ დარტყმის ნეგატიური შედეგი, რასაც გასულ წელს ეკონომიკის შემცირება მოჰყვა. წელს უკვე გარკვეული გამოცოცხლება შეინიშნება. უკუპროცესი წავიდა. თუ გასულ წელს ადგილი შემცირებას ჰქონდა, წელს საკმარისიად მაღალი მაჩვენებელია და, პროგნოზულ შეფასებებში, არა მარტო ჩვენი შიდა წყაროებით, არამედ საერთაშორისო ინსტიტუტებიც წლის დასაწყისთან შედარებით გაცილებით წინ წავიდნენ. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, თუ ეკონომკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 2021 წელზე 3, 4 % უნდა ყოფილიყო, ეს გაორმაგდა და ვარაუდობენ, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა, სულ ცოტა, 7, 7 %-ით გაიზრდება. ეს რას ნიშნავს: ეკონომიკის თითოეული პროცენტით ზრდა გვაძლევს საშუალებას, რომ ბიუჯეტში დამატებით, დაახლოებით, 125-130 მილიონი ლარი იყოს მობილიზებული. როდესაც ჩვენ, წინა საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით, დამატებით 4 %-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ეს ნიშნავს, რომ, წლის დასაწყისის ნავარაუდევთან შედარებით, დამატებით 420-430 მილიონი ლარით მეტი თანხა იქნება მობილიზებული. ხაზს ვუსვამ – ბიუჯეტში მობილიზებული თანხის მოცულობაზეა საუბარი. ახლა ავიღოთ ის სესხი, რომელიც ევროკავშირიდან მაკროეკონომიკური გარდაქმნებისა და ინსტიტუციური აღმშენებლობისათვის 75 მილიონი ევროს ოდენობით უნდა აგვეღო. ეს დაახლოებით 290 მილიონ ლარამდეა. თავისი მოცულობით, ესაა იმის ნახევრ პროცენტზეც ნაკლები, რაც საქართველოს ოდესმე, თავისი დამოუკიდებლობის არსებობის მანძილზე საერთაშორისო ფინანსური ინსტუტებიდან, თუ სახელმწიფოებიდან აუღია. ხაზს ვუსვამ: ნახევარ პროცენტზე ნაკლებია, ამიტომ, მისი მნიშვნელობა არც ისეთი დიდია. თუ შევადარებთ იმ ნამატ საბიუჯეტო შემოსავალს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ეკონომიკური განვითარების შედარებით მაღალი ტემპის გამო მიიღებს, არაღებული სესხის მოცულობა ბიუჯეტში შემოსულ თანხებს საკამოდ ჩამორჩება. როდესაც ქვეყანას დამატებითი შემოსავალი უჩნდება, ის ეკონომიკურად რაციონალურად იქცევა და დამატებით სესხს აღარ იღებს. სესხი რითაა საინტერესო: მას აქვს ვადიანობა, მომსახურების პროცენტი რაც  უნდა დაბალი ჰქონდეს, ის დამატებით უნდა იყოს გადახდილი.
როდესაც საგარეო სესხის თანაფარდობას მთლიან ეროვნულ პროდუქტთან ვადარებთ, მისი 1 %-ით შემცირებაც კი მომსახურებაზე სახელმწიფოს, სულ ცოტა, 15 მილიონი ლარის ეკონომიას უწევს. ეს ფაქტორები მუშაობს იმაზე, რომ ჩვენ ვალის აღებას რაც შეიძლება მეტი სიფრთხილით მოვეკიდოთ ქვეყნის შიგნით იქნება, თუ ქვეყნის გარეთ. ის სახსრები, რისი მობილიზაციაც ქვეყანაში ხდება, რაც შეიძლება რაციონალურად უნდა იყოს გამოყენებული.
როგორც წესი, პოლიტიკოსები აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს და ეს პოლიტიკური კონიუნქტურის ფორმატში ეწერება. საქართველოს ევროატლანტიკური კურსი საქართველოს კონსტიტუციითაა განსაზღვრული, ცალკეული კონიუნქტურული განცხადებები, ვალის გადავადება ან არაღება, ან დამატებითი სახსრების მობილიზაცია – არ არის ის საკითხები, რომლითაც შეიძლება, ჩვენი კურსი ევროკავშირისკენ  შეიცვალოს. დანარჩენი პოლიტიკური ინსინუაციებია, როცა ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს, თვისი ინტერესების შესაბამისად აღნიშნული ფაქტი გამოიყენოს”, – განაცხადა სოსო არჩვაძემ.
ცნობისთვის, პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, ევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის აღებისგან თავი შეიკავოს.

„ჩვენ, რა თქმა უნდაა, ძალიან მადლიერი ვართ ევროკავშირის ყველა იმ დახმარებისთვის, რაც მათ აღმოგვიჩინეს, მათ შორის, კოვიდპანდემიის მართვის დროს და, ზოგადად, ყველაფრისთვის, რაც მათ გააკეთეს ჩვენთვის. ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ წინსვლას. მეორე მხრივ, ამ საკითხმა შეიძინა ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა. ამიტომ, ნებისმიერი ინსინუაციის თავიდან აცილების მიზნით, მთავრობა არ გამორიცხავს, ჩვენ გადაწყვეტილიც გვქვს, რომ თავი შევიკავოთ მეორე ნაწილის სესხის სახით აღებაზე. მთავარი არგუმენტაცია, მთავარი მოტივი არის ის, რომ ჩვენ ეტაპობრივად დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება.
მოგეხსენებათ, რომ გვაქვს ძალიან კარგი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. წინასწარი ინფორმაციით, გეტყვით, რომ ივლისის თვის ზრდა იქნება დაახლოებით 10%-მდე, რაც 7 თვის განმავლობაში, ჯამურად, იქნება 12,2% ეკონომიკური ზრდა. ეს დამატებით შემოსავალს გააჩენს ბიუჯეტში და, ამ ტემპის შენარჩუნებით, მაღალი ალბათობით, წლის ბოლოს გვექნება ორნიშნა ზრდა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანლის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის, ჟულიენ კრამპის განცხადებით, საქართველომ ვერ შეძლო, მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა სათანადოდ შეესრულებინა.
„ეს თანხა 2021 წლის 30 სექტემბრამდე უნდა გადმორიცხულიყო იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო შეასრულებდა ორმხრივად შეთანხმებულ ვალდებულებებს, რომელიც მან 2020 წლის სექტემბერში მაკროფინანსური დახმარების პროგრამების პირობების ხელმოწერისას აიღო.
150 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება, რომლის ნახევარი უკვე გადმორიცხულია, მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის დახმარებას კოვიდპანდემიასთან გამკლავებაში, ეს თანხები საქართველოს მოსახლეობის კეთილდღებას უნდა მოხმარებოდა.
ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დასაბუთებას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ არ მოითხოვოს მაკროფინანსური დახმარების დარჩენილი ნაწილი, პატივს ვცემთ რა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამავე დროს აღვნიშნავთ, რომ საქართველომ ვერ შეძლო სათანადოდ შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა ანგარიშვალდებულება და ხარისხი“, – განაცხადა ჟულიენ კრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები