ნიკა მელია: „ქართულ ოცნებას“ არ ვაძლევთ იოტისოდენა შესაძლებლობასაც კი, რომ 3 ოქტომბერს რაიმე სახის ხელმოსაჭიდი ჰქონდეს და თქვან, რომ ისინი არ ჩანიშნავენ ვადამდელ არჩევნებს

„ქართული ოცნება“ ძალიან დამსახურებულად და სამართლიანად შევბოჭეთ, რომ მათ არ ჰქონდეთ გასაქანი, გავიდნენ დასავლური სივრციდან”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს არ უნდა ჰქონდეს რაიმე ხელჩასაჭიდი, რომ 3 ოქტომბერს ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნაზე უარი განაცხადონ.

„ქართული ოცნება“ ძალიან დამსახურებულად და სამართლიანად შევბოჭეთ, რომ მათ არ ჰქონდეთ გასაქანი, გავიდნენ დასავლური სივრციდან მანამ, სანამ წარმოადგენენ ოფიციალურ პირებსა და სახელმწიფოს. ჩვენ არ უნდა მივცეთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, სტრატეგიულ მეგობრებს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენს ქვეყანასა და ქართველ ხალხს, იმის გამო, რომ არასაიმედო ხელისუფლება გვყავს, ზურგი აქციონ.

ამისთვის ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა გარკვეულ დებულებებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი დღეს მეასე- და მეორასეხარისხოვანია. არის მომენტი, როდესაც შენს თავზე მაღლა უნდა დადგე, არის მომენტი, როდესაც შენი სამართლიანი პოზიციაც კი გვერდზე უნდა გადადო და მიიღო სწორი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, ვინაიდან ჩვენ გვყავს უკვე ღიად დეკლარირებული ხელისუფლება, რომელიც არც კი ერიდება, გააკეთოს ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები, რომელიც უბრალოდ ეწინააღმდეგება ჩვენს ტრადიციულ საგარეო კურსს. ამიტომ, „ქართულ ოცნებას“ არ ვაძლევთ იოტისოდენა შესაძლებლობასაც კი, რომ 2 ოქტომბრის შემდეგ, 3 ოქტომბრის დილით რაიმე სახის ხელმოსაჭიდი ჰქონდეს და თქვან, რომ ისინი არ ჩანიშნავენ ვადამდელ არჩევნებს“, – განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ და და პარტიის წევრებმა შარლ მიშელის ინიციატივით მომზადებულ, პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები