თეიმურაზ ჯანჯალია: ეკონომიკაში დადებითი ტენდენციების გამო, ამ ეტაპისთვის, ევროკავშირიდან სესხის აღება მიზანშეწონილად არ ჩაითვალა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ ჯანჯალიას განცხადებით, საქართველო ერთგული რჩება იმ კურსის, რომელიც არის ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

მისივე თქმით, ეკონომიკაში დადებითი ტენდენციების გამო, ამ ეტაპისთვის, ევროკავშირიდან სესხის აღება მიზანშეწონილად არ ჩაითვალა.

„ეს ასახული არის მრავალ დოკუმენტში, რაც მთავარია, ქვეყნის ძირითად კანონში, საქართველოს კონსტიტუციაში, სადაც ნათლადაა ასახული, რომ საქართველოს პრიორიტეტი, საქართველოს აუცილებელი პირობაა, გახდეს ევროპული, ევროატლანტიკური ოჯახის წევრი. ამისთვის ჩვენ ძალიან ბევრს ვშრომობთ, ვმუშაობთ, შესაბამისად, ვახორციელებთ იმ პოლიტიკას, რომელიც გვაახლოებს ამ მიზნებთან. პირველ ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომლის იმპლემენტაციაც ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის სწორედ ის დოკუმენტი, რომლითაც ჩვენს კანონმდებლობას, ჩვენს რეგულაციებს, ჩვენს ცხოვრების წესს ვაახლოებთ ევროპული ცხოვრების წესთან. სწორედ ეს არის ის, რაც განსაზღვრავს ჩვენს დღევანდელ ქმედებებს, იქნება ეს ევროპელ პარტნიორებთან თუ სხვა საერთაშორისო აქტორებთან ურთიერთობა. რაც შეეხება დღევანდელ განცხადებას, ეს არის თემა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ უკვე შეეხო საქართველოს პრემიერმინისტრი, მთავრობის წევრები და ის ეხება კონკრეტულ სესხს, რომლის მეორე ნაწილიც ჩვენ უნდა მიგვეღო ამ პერიოდისათვის, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს ეკონომიკაში არის ძალიან დადებითი ტენდენციები და ქვეყანაში ხდება გარკვეული დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზება, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ ამ სესხის აღება არ მოხდეს. ამ ეტაპისთვის, ქვეყნის მიზანია, შეამციროს საგარეო ვალი და ნაკლებად იყოს დამოკიდებული იმ ფინანსურ რესურსებზე, რომელიც შემოედინება ქვეყნის გარედან. როგორც ვიცით, ეს შეთანხმება გაფორმებული იქნა რამდენიმე წლის წინ და მოიცავდა როგორც საგრანტო, ასევე, სასესხო პირობებს.

პრაქტიკულად, ამ ეტაპისთვის, საგრანტო პირობები იქნა ამოწურული და მხოლოდ სასესხო პირობები იქნა შენარჩუნებული. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც უარი ითქვა ამ სესხზე, იყოს ის, რომ მიზანშეწონილად არ ჩაითვალა, დამატებით მიგვეღო გარკვეული ფინანსური რესურსი სესხის სახით. რაც შეეხება განმარტებებს იმის თაობაზე, თითქოს რეფორმების განუხორციელებლობის გამო მოხდა ამ სესხის შეჩერება, შემიძლია, გითხრათ, რომ ის ვალდებულებები, რაც ჩვენ ავიღეთ, კონკრეტულად შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად, აქტიურად ხორციელდება. ვიცით, რომ თუნდაც სასამართლო რეფორმის თაობაზე განხორციელდა ოთხი ტალღა რეფორმებისა, რომელმაც მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე და ეს არ გაჩერებულა, არ დასრულებულა.

უნდა გავუსვათ ხაზი ამას, რეფორმები გრძელდება და, ამ რეფორმების შესაბამისად, 2022 წლის გაზაფხულისთვის ჩვენ უნდა გვქონდეს უკვე სრულყოფილი სისტემა, რომელზეც მოვილაპარაკეთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, რა ვალდებულებებიც ავიღეთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, მათ შორის, შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად. ამასთან, უნდა აღინიშნოს, მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან იმის თაობაზე, რომ მომავალი კვირიდან მოხდება განხილვა დამატებით იმ საკითხებისა, რომლებიც მოცული არის შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში. ეს მართლაც მნიშვნელოვანი თემებია, რომელიც მოიცავს საკონსტიტუციო ცვლილებებს და ამისთვის საჭიროა, მთელი პოლიტიკური სპექტრი მობილიზებული იქნას“, – განაცხადა თეიმურაზ ჯანჯალიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები