საბერძნეთში 10 ათასამდე მედიკოსს სამსახურიდან გათავისუფლება ემუქრება – ექიმები ვაქცინაციაზე უარს აცხადებენ

საბერძნეთში მედიცინის 10 ათასამდე მუშაკი შეიძლება, სამსახურიდან გაათავისუფლონ, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე უარის თქმის გამო.

ამის შესახებ Kathimerini წერს.

დღეს ბოლო ვადაა, როდესაც არავაქცინირებულ მედიკოსებს  პრეპარატის პირველი დოზის მიღების შესაძლებლობა აქვთ. ხვალიდან, 2 სექტემბრიდან მედიცინის იმ მუშაკებს, ვისაც ბოლო 6 თვის განმავლობაში არ აქვთ კორონავირუსი გადატანილი და ვაქცინაციაზე უარს აცხადებენ, აუნაზღაურებელ შვებულებაში გაუშვებენ.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, იანის კოციოპულოსის თქმით, ჯანდაცვის სისტემაში ასეთი, დაახლოებით, 10 ათასამდე ადამიანია.

მედია წერს, რომ ჯანდაცვის დაწესებულებებმა უკვე დაიწყეს თანამშრომლების შეცვლისთვის მზადება, რომ არ იყოს პერსონალთან დაკავშირებული შეფერხება.

უახლესი მონაცემებით, ბერძენი ექიმების 90%-ზე მეტს და ექთნების, დაახლოებით, 80% -ს აქვს მიღებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

გასულ კვირას, საჯარო საავადმყოფოებიდან 300-მდე ექიმმა შეაჩერა მუშაობა ხუთი საათით და შეიკრიბა ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან, რათა გაეპროტესტებინა ვაქცინაციის იძულება.

29 აგვისტოს ათენში ვაქცინაციის საწინააღმდეგო აქციაზე 7 ათასამდე ადამიანი გავიდა, რაც პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა.

სამედიცინო მუშაკებისთვის სავალდებულო ვაქცინაცია შემოღებულია საფრანგეთშიც, სადაც პროცესის დასრულების ბოლო თარიღად 15 ოქტომბერი განისაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები