გიორგი ამილახვარი: დარწმუნებულები ვართ, რომ 2 ოქტომბერს, ჩვენი დედაქალაქის ამომრჩევლების მხარდაჭერით, კახა კალაძე პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს

“გვინდა, გამოვეხმაუროთ გუშინ გამოქვეყნებულ სოციოლოგიურ კვლევებს, რომლის მიხედვითაც, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, კახა კალაძეს, როგორც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს, მხარს უჭერს გამოკითხულთა 61.4%. წინა თვის ანალოგიურ კვლევასთან შედარებით, კახა კალაძის მხარდამჭერთა რაოდენობა 1,2%-ით გაიზარდა. ჩვენი მოლოდინი გამართლდა, ჩვენ აქტიურად გადავედით საარჩევნო კამპანიაზე და, შესაბამისად, რეიტინგიც გაიზარდა. ყველა ლოგიკის მიხედვით, საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ეს რეიტინგი კიდევ უფრო გაიზრდება”, – ამის შესახებ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსმა, გიორგი ამილახვარმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, უკვე მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიის კვლევითაც დასტურდება, რომ კახა კალაძე არის, პრაქტიკულად, უალტერნატივო და უკონკურენტო კანდიდატი მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნებში.

„ასეთი მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გვინდა, გადავუხადოთ თბილისელებს. ამავე კვლევით, ასევე ქვეყნის მასშტაბით, პარტია “ქართულ ოცნებას” მხარს უჭერს გამოკითხულთა 47.2%, რაც თავის მხრივ, ასევე, ადასტურებს, რომ კახა კალაძის გუნდი მყარი უმრავლესობით შევა თბილისის საკრებულოში. დღეს კახა კალაძე წარადგენს საკრებულოში თავისი გუნდის წევრებს, რაც ამ რეიტინგს კიდევ უფრო გაამყარებს.

კახა კალაძე და მისი შტაბი გადასულია აქტიურ საარჩევნო კამპანიაზე. მივდივართ ყველა უბანში, კოვიდრეგულაციების დაცვით ვაცნობთ ჩვენს პროგრამას მოსახლეობას და ვესაუბრებით მათ საჭიროებებზე. ამის პარალელურად, ჩვენი ოპონენტებისგან ვხედავთ არა საარჩევნო პროგრამის გაცნობას მოსახლეობისთვის, არამედ – იაფფასიან პროვოკაციებს თბილისის შტაბზე, რომელიც რამდენიმეჯერ განახორციელეს მათმა აქტივისტებმა საღებავების შესხმით.

ეს ყოველივე მიუთითებს წინასწარ აღიარებულ მარცხზე. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ 2 ოქტომბერს, ჩვენი დედაქალაქის ამომრჩევლების მხარდაჭერით, კახა კალაძე პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს საკრებულოში მისი გუნდიც და, შესაბამისად, გაიმარჯვებს თბილისიც“, – განაცხადა ამილახვარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები