ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირთან გვაქვს მჭიდრო საგნობრივი საუბარი, ჩვენ გვინდა, კონკრეტულად ვიცოდეთ, რომელი კანონი არ მივიღეთ?!

“ევროკავშირთან გვაქვს მჭიდრო საგნობრივი საუბარი, ჩვენ გვინდა, კონკრეტულად ვიცოდეთ, რომელი კანონი არ მივიღეთ?!”, – ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი მაკროფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას.

„როცა საუბარია კონკრეტულად სასამართლო რეფორმაზე, ჩვენ ვითხოვთ, რომ უნდა დავასახელოთ კონკრეტული საზომი, რითაც შეიძლება, გავზომოთ, რაიმე კანონი გვაქვს მისაღები, რაც დროში არ მიგვიღია? ასეთი კანონი არ არსებობს, რაც ჩვენ დროში უნდა მიგვეღო და არ მივიღეთ იმ სტანდარტითა და იმ რეკომენდაციით, რაც ევროკავშირისგან და, მათ შორის, ვენეციის კომისიისგან მოდის. საბოლოოდ, 2022 წლის გაზაფხულისთვის უნდა დასრულდეს ყველა იმ საკანონმდებლო ცვლილების მიღება, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მთლიანად დაასრულებს სასამართლო რეფორმას. ესეც გაწერილია და ყველამ კარგად იცის. ვინმეს თუ სურს, პოლიტიკური ბრძოლისთვის გამოიყენოს სასამართლო თემა, ეს სულ სხვა საკითხია. ჩვენ გვესმის პოლიტიკური ინტერესებიც, მაგრამ რეფორმები თავისი გზით მიმდინარეობს. ევროკავშირთან გვაქვს მჭიდრო საგნობრივი საუბარი, ჩვენ გვინდა, კონკრეტულად ვიცოდეთ, რომელი კანონი არ მივიღეთ?! არსებობს კანონის ჩანაწერი, რაც შესასწორებელი იყო და არ შევასწორეთ? თუ ჩვენ დავდივართ მხოლოდ იმაზე, რომ საკადრო საკითხი რატომ წყდება საქართველოს პარლამენტში, მაშინ ეს სულ სხვა საკითხია”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანლის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ჯულიენ კრამპმა აღნიშნა, საქართველომ ვერ შეძლო დახმარების მიღების პირობის საკმარისად შესრულება. მისივე თქმით, ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები