სამი ლიტერატურული ჟურნალის გამოცემა დაფინანსდა
მწერალთა სახლი, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, სამი ლიტერატურული ჟურნალის გამოცემას დააფინანსებს
მწერალთა სახლის ინფორმაციით, სპეციალურად შექმნილმა საკონკურსო კომისიამ, რომლის წევრებიც იყვნენ: ნიკოლოზ ალექსიძე (თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის დეკანი), ქეთევან გრძელიძე (კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი), ცირა კილანავა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი), ხათუნა კიკვაძე (კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომელი) და ნონა კუპრეიშვილი (შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი), გამოავლინა ლიტერატურული ჟურნალები, რომლებსაც კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო 2021 წელს დააფინანსებს.
ესენია: „არილი“ – სამი ნომერი (20680 ლარი), „ახალი საუნჯე“ – ორი ნომერი (14940 ლარი) და „ცისკარი – 1852″ – ორი ნომერი (14380 ლარი).
კომისიის წევრებმა იმსჯელეს და რეკომენდაცია მისცეს ჟურნალების რედაქციებს, აქტიურად იმუშაონ ციფრულ მატარებლებზე გადასასვლელად და ონლაინპლატფორმების განსავითარებლად.
კონკურსი ლიტერატურული ჟურნალებისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად მწერალთა სახლმა ამა წლის 2 აგვისტოს გამოაცხადა. სულ შევიდა ოთხი განაცხადი: „არილი“, „ცისკარი – 1852“, „ახალი საუნჯე“ და „ლიტერატურული პალიტრა“.