ბათუმში, ევროპული სტანდარტების სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობა დასრულდა

 ბათუმში, არდაგანის ტბის მიმდებარედ, ევროპული სტანდარტების სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობა დასრულდა.

სატუმბი სადგურის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, უხვი ნალექის დროს ქალაქის დატბორვის საფრთხე მნიშვნელოვნად შემცირდება. სანიაღვრე სადგურის მუშაობის პროცესს გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად.

სატუმბ სადგურში სანიაღვრე წყლების შედინება ჯავახიშვილისა და ნინოშვილის ქუჩების სანიაღვრე არხების საშუალებით მოხდება.  სანიაღვრე წყლების ზღვაში გადატუმბვა განხორციელდება 180 სმ. დიამეტრის მილით, რომლითაც სანიაღვრე წყლები ნაპირიდან 200 გრძივი მეტრის დაშორებით, ზღვაში 14 მეტრ სიღრმეში ჩაეშვება.

სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო.  სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ეჯიტაში”, ქ. ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მე-3 ფაზის ფარგლებში ახორციელებდა. პროექტის შესაბამისად, აშენდა ევროპული სტანდარტების სანიაღვრე სატუმბი სადგური. სატუმბი სადგურის მიმდებარედ მოეწყო მიწისქვეშა 3000 კუბ.მ. შემაკავებელი ავზი, რომელიც უხვი ნალექის პირობებში სატუმბი სადგურის სათანადო ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

სანიაღვრე არხების, სატუმბი სადგურისა და ზღვაში ჩამშვები მილის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 13 მილიონამდე ევროს შეადგენს.

სამუშაოები ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მესამე ფაზის ფარგლებში განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები