სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
“ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს” მერობის კანდიდატი მალხაზ ბეგიაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას ხვდება.
შეხვედრებზე ადგილობრივებსა და კანდიდატს შორის საუბარი ძირითადად სოფლად არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე მიმდინარეობს.
„საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, უკვე 50-ზე მეტი შეხვედრა ჩავატარე. მოსახლეობას ჩვენს სამოქმედო გეგმას ვაცნობ და ასევე ვისმენ მათგან იმ საკითხების შესახებ, რომელიც სოფელს სჭირდება რომ მოუგვარდეს. მომავალი 4 წლის განმავლობაში სწორედ სიღნაღის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის ვიმუშავებთ და ინფრასტრუქტურულ რეაბილიტაციასთან ერთად, ვიზრუნებთ, რომ არსებობდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცეები ახალგაზრდებისთვის, სადაც როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ განვითარებასა და თვითრეალიზაციას შეძლებენ,“- განაცხადა მალხაზ ბეგიაშვილმა.
„ქართული ოცნების“ სიღნაღის მერობის კანდიდატი – მალხაზ ბეგიაშვილი 26 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, სხვადასხვა დროს სხვადასხვა საჯარო უწყებაში მაღალ თანამდებობებს იკავებდა.
შეგახსენებთ, რომ მალხაზ ბეგიაშვილი სიღნაღის მერობის კანდიდატად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 14 აგვისტოს წარადგინა.