ეკატერინე ტიკარაძე: კოვიდინფიცირებულ ორსულებში ლეტალობის შემთხვევებს გინეკოლოგთა ასოციაცია გამოიკვლევს
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდინფიცირებულ ორსულებში ლეტალობის შემთხვევებს გინეკოლოგთა ასოციაცია გამოიკვლევს.
მისივე თქმით, რიგ შემთხვევებში მსგავსი პაციენტების სტაციონარიზაცია დაგვიანებულია.
“თითოეული პაციენტის ასეთი მძიმე გამოსავალი არის მთელი ქვეყნის ტრაგედია. ჩვენ ამ გართულებებს ვაკვირდებით სამედიცინო და სტატისტიკურ ჭრილში. ჩართულია გინეკოლოგთა ასოციაცია, რათა მათ დადონ კონკრეტული დასკვნები, რაც არის მიზეზი იმის, თუ რატომ გვაქვს ბოლო პერიოდში გახშირებული ლეტალური შემთხვევები ორსულებში. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ, რიგ შემთხვევებში, დაგვიანებულია სტაციონარიზაცია. გუშინ ერთ-ერთი ორსულის სამეგრელოს რეგიონიდან საავადმყოფოში გადმოყვანა იყო საჭირო, თუმცა, ამ ორსულს დარეკილი არ ჰქონდა 112-ზე, სამაგიეროდ, პოსტი ედო „ფეისბუქზე“. ჩვენ ვიღებთ სოციალური ქსელიდანაც დამატებით ინფორმაციებს და ის პაციენტები, რომლებიც სამწუხაროდ არ მიმართავენ ექიმს, მაგრამ არჩევენ სოციალური მედიით კომუნიკაციას, ვცდილობთ, რომ ვიყოთ ყურადღებით“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.