გოჩა ენუქიძე: „ქართული ოცნება” არის ის ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია, გააგრძელოს დაწყებული საქმე
„ქართული ოცნება” არის ის ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია, გააგრძელოს დაწყებული საქმე”, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა, გოჩა ენუქიძემ ,,ქართული ოცნების” მესტიის მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში დაამკვიდრა მშვიდობა, თავისუფლება და დღეს ბიზნესი ისეთი თავისუფალია, როგორიც არასოდეს ყოფილა. დეპუტატმა ისაუბრა პროექტზე, რომელიც ახალ შესაძლებლობებს აძლევს ზემო და ქვემო სვანეთს და აღნიშნა, რომ ამ პროექტის განხორციელება რეგიონისთვის ისტორიული მნიშვნელობის არის.
„ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში დაამკვიდრა მშვიდობა, თავისუფლება. დღეს ბიზნესი არის ისეთი თავისუფალი, როგორიც არასოდეს ყოფილა. აღარ განვმეორდები იმ პროექტებზე, რომელზეც ვრცლად ისაუბრეს გამომსვლელებმა. მხოლოდ ერთ მასშტაბურ და ისტორიულ პროექტზე მინდა, შევაჩერო თქვენი ყურადღება, რომელიც ზემო და ქვემო სვანეთის აკავშირებს ერთმანეთთან. სამუშაოები ლენტეხის მხრიდან ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს.
სვანეთიდან, ჩვენი მერობის კანდიდატი კახაბერ ჟორჟოლიანი აქტიურად არის ჩართული. ეს პროექტი არის ლენტეხისთვის, ცაგერისა და რაჭისთვის დიდი შესაძლებლობა. ეს პროექტი ტურისტებს, რომლებიც მესტიის სანახავად ამოდიან, მიცემს შესაძლებლობას და მათთვის კიდევ ერთი მოტივაცია იქნება, რომ ნახონ არა მარტო მესტია, არამედ ქვემო სვანეთი, ცაგერი და რაჭაც და ეს წრე, რომელიც იკვრება, იქნება ისტორიული და ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა გოჩა ენუქიძემ.
მისი თქმით, კაპიტონ ჟორჟოლიანმა კარგად იცის, რა სჭირდება ადგილობრივ მოსახლეობას.
„ჩვენ უამრავ პროექტზე ვისაუბრეთ, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება ახორციელებს. ამ პროექტებს სათავეში უდგას კახა და მან ზუსტად იცის, რა სჭირდება აქაურ მოსახლეობას. ყველა ამ პროექტს ბოლომდე უნდა მიყვანა და ეს ყველაზე კარგად ხელეწიფება კახა ჟორჟოლიანს.
მინდა მოგიწოდოთ ყველას, მხარი დაუჭიროთ კახას, რამეთუ ის არის ერთ-ერთი გამორჩეული და ენერგიული, მხარი დავუჭიროთ „ქართულ ოცნებას”, რათა ეს წინსვლა, მიუხედავად გაჭირვებისა და პანდემიისა, ბოლომდე მივიყვანოთ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ”, – განაცხადა გოჩა ენუქიძემ.