გია ვოლსკი: საზოგადოებას გლადიატორული პოლიტიკური ბრძოლები მოსწყინდა

“საზოგადოებას პოლიტიკური პარტიების პოლიტიკური განწყობები, ერთმანეთთან დაპირისპირება და ეს გლადიატორული პოლიტიკური ბრძოლები მოსწყინდა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის მიერ არჩევნების ჩატარების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებში ის პოსტულატი იკითხება, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.

„საინტერესო განცხადებები მოვისმინეთ არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ჩვენი ოპონენტების რიგებიდან, თითქოსდა, ჩვენ გვაწყობს გადადება, ჩვენ თვითონ ვერ ვამბობთ და ამის დავალება მივეცით გარე სპიკერებს, რაც აბსურდია. საზოგადოებას პოლიტიკური პარტიების პოლიტიკური განწყობები, ერთმანეთთან დაპირისპირება და ეს გლადიატორული პოლიტიკური ბრძოლები მოსწყინდა, დაიღალა, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ საერთოდ არ არსებობდა ვაქცინა, როცა პოლიტიკური ცხოვრება გრძელდებოდა და მიმდინარეობდა, თუნდაც, მოვიგონოთ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები და პოლიტიკური ცხოვრებისთვის ამას ხელი არ შეუძლია. ტრაგიკული და უმძიმესია მდგომარეობა მთელ მსოფლიოში, მაგრამ პოზიტიური ტენდენციები შეიმჩნევა და, რაც მთავარია, საარჩევნო რეგულაციები გაცილებით უფრო მძლავრია კონტროლისთვის და მართვისთვის, ვიდრე ქაოტური სიტუაციის შექმნა და გაურკვევლობაში და საგანგებო ვითარებაში სიტუაციის გადაგდება, როცა ეკონომიკაც საკმაოდ მძიმე დარტყმებს იღებს ყოველდღიურად. ასე რომ, სახალხო დამცველის განცხადებებში იკითხება ერთი რამ, რომ თითქოს ის პოლიტიკა, ის სტრატეგია და პოსტულატი, რასაც „ნაცმოძრაობა“ ავითარებს, რომ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე არ ზრუნავენ ხელისუფლებაში, ეს არის გამეორებული. რეალურად, ამის საფუძველი არ არსებობს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები