ბაიდენი: ავღანეთში ამერიკელი სამხედროების ევაკუაციის გაჭიანურება მათი უსაფრთხოების საფრთხეს ზრდის

აშშ-მა ავღანეთიდან იმ სამხედრო კონტინგენტის გამოყვანა დაიწყო, რომელიც ქაბულში სამოქალაქო პირების ევაკუაციის პროცესშია ჩართული.

ამის შესახებ ინფორმაციას FoхNews -ი ავრცელებს, აშშ-ში წყაროებზე დაყრდნობით.

აშშ-მა ბოლო დღეების განმავლობაში ქაბულის აეროპორტში 6,5 ათასამდე სამხედრო გადაისროლა ქვეყნიდან ამერიკის, მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა და ავღანელების გაყვანის მიზნით.

ავღანეთიდან სამხედროების გაყვანის ბოლო ვადად 31 აგვისტო იყო დათქმული, თუმცა, გასულ კვირას ჯო ბაიდენმა თქვა, რომ თარიღი შესაძლოა, მცირედით გადაიწიოს, რაზეც “თალიბანში” უპასუხეს, რომ თუ ასე მოხდა, “იქნება შედეგები”.

ამასთანავე, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქაბულის აეროპორტი შესაძლოა, ტერორისტების სამიზნე გახდეს.

გუშინ “დიდი შვიდეულის” სამიტი გაიმართა, რომელიც ავღანეთის საკითხს მიეძღვნა, რომელზეც ბაიდენმა თქვა, რომ 31 აგვისტოს სამხედროების ევაკუაციის დასრულება დამოკიდებულია “თალიბებთან” კოორდინაციაზე.

ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ თქვა.

“დღეს დილით, G7- ის ლიდერებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩვენი მისია ქაბულში დასრულდება მისი მიზნების მიღწევისთანავე. მან დაადასტურა, რომ ჩვენ გვაქვს დრო 31 აგვისტომდე. ამასთანავე, მან მიანიშნა, რომ ყოველ დღე ადგილზე სულ უფრო დიდი საფრთხე ემუქრება ჩვენს ჯარისკაცებს, რადგან იზრდება “ისლამური სახელმწიფო – ვილაიათ ჰორასანის” მხრიდან საფრთხეები და რომ 31 აგვისტოს მისიის დასრულება დამოკიდებულია ,,თალიბებთან,, კოორდინაციის გაგრძელებაზე, მათ შორის, აეროპორტში წვდომის გაგრძელებაზე. გარდა ამისა, პრეზიდენტმა სთხოვა პენტაგონს და სახელმწიფო დეპარტამენტს, შეადგინონ გეგმები იმ შემთხვევისთვის, თუ მოხდება დროის გადაწევა,” – დასძინა ფსაკიმ.

ამასთანავე, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ავღანეთიდან ევაკუაცია გაგრძელდება მანამ, სანამ უსაფრთხოების მდგომარეობა ამის საშუალებას იძლევა.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, “ავღანეთიდან ევაკუაციის დასრულების ზუსტი თარიღი ჯერ დადგენილი არ არის”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები