ნიკა მელია: ხელისუფლებას მართვის სადავეები დაკარგული აქვს – გარდაუვალია ვადამდელი არჩევნები გაზაფხულზე

“ხელისუფლებას დაკარგული აქვს მართვის სადავეები, ამიტომ, გარდაუვალია ვადამდელი არჩევნები გაზაფხულზე”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, რომელიც 2 ოქტომბერს გაიმართება, „ქართული ოცნება“ იძულებული გახდება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს.

„ამ ქვეყანაში გაზაფხულზე ახალი არჩევნები ჩატარდება. ფაქტია, კრიზისი ღრმავდება და ღრმავდება. ეს, სამწუხაროდ, შეუქცევადი პროცესია. ქვეყანას ძალიან ცუდი ხელისუფლება ჰყავს, არ ჰყავს საერთოდ ხელისუფლება, დაკარგული აქვს მართვის სადავეები. ამიტომ, გარდაუვალია ვადამდელი არჩევნები გაზაფხულზე. რაც  უნდა ისაუბროს „ქართულმა ოცნებამ“, რომ 43%-იანი ბარიერი აღარ არის ძალაში, მთელი დასავლური სამყარო საუბრობს, რომ ძალაშია. 2 ოქტომბერს დაფიქსირდება ის შედეგი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ არ მოეწონება და ამის შემდეგ იგი ვალდებული იქნება, დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები გაზაფხულზე. შეიცვლება ხელისუფლება და ქვეყანაში გვეყოლება პროფესიონალები და კვალიფიციური ადამიანებით დაკომპლექტებული კოალიციური მთავრობა, ამაში ეჭვი მგონი, აღარავის ეპარება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები