ვახტანგ ჭარაია – ექსპორტის ზრდაზე: კოვიდ რეალობაში სურათი საკმაოდ დამაჯერებელია

„კოვიდ-19 აქტიურად გვიტევს, თუმცა, ადგილობრივი ექსპორტი მაინც იზრდება“, – ასე ეხმაურება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, ვახტანგ ჭარაია „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ მონაცემებს.
მისი განცხადებით, ადგილობრივი ექსპორტის პარალელურად, ზრდა შეინიშნება იმპორტის კუთხითაც. თუმცა, ეს ნაკლებად საგანგაშოა არსებულ სიტუაციაციაში. განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, თუ რა მოცულობის თანხა დაიხარჯა სამედიცინო აპარატურის, მედიკამენტებისა და აგრეთვე ვაქცინების შესაძენად, რასაც ემატება ნავთობპროდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნაც, მიუხედავად მასზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდისა.
„კოვიდ რეალობაში სურათი საკმაოდ დამაჯერებელია. თუმცა, რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერიოდში იმპორტის გარკვეული ნაწილის კონკურენტუნარიანი ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლებას და საექსპორტო პროდუქციის გამრავალფეროვნებას ალტერნატივა არ გააჩნია“, – აცხადებს ვახტანგ ჭარაია.
შეგახსენებთ, რომ ივლისში ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), გასული 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 48.5 პროცენტით გაიზარდა და 285.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის მონაცემების თანახმად, ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 52.4%-ით აღემატება პანდემიამდე პერიოდის – 2019 წლის ივლისის მონაცემებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები