ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წლის პირველი ოქტომბერი იყო ის ღირსეული გამარჯვება, რომელიც ჩვენი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ჩვენმა ხალხმა მოიპოვა, ლაჩრების ხელში ჩვენს ქვეყანას არავის და არასდროს ჩავუგდებთ

“როდესაც გიორგი ანწუხელიძე და მისნაირი გმირები თავს სწირავდნენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს, ჩვენი ხალხისა და ჩვენი ტერიტორიის დაცვას, აი, ეს მასხარა კაცი, სააკაშვილი, ლაჩარი, რომელმაც მიწაზე გართხმულმა აჩვენა მთელს მსოფლიოს ჩვენი ერის სირცხვილი მისი სახით, ამ დროს, ის გარბოდა ბრძოლის ველიდან”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში, „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის, როლანდ ბერიძის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ სწორედ გიორგი ანწუხელიძის ქვეყანა არის საქართველო და არა – ლაჩრებისა და მოღალატეების.

„სწორედ გიორგი ანწუხელიძის ქვეყანა არის საქართველო და არა – ლაჩრებისა და მოღალატეების, რომლებმაც ლაჩრულად მიატოვეს ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი აგვისტოს ომში, ლაჩარმა სააკაშვილმა. კაცი, რომელიც იყო ე.წ. პრეზიდენტი და მთავარსარდალი, თქვენ კარგად ნახეთ, იმ დროს, როდესაც გიორგი ანწუხელიძე და მისნაირი გმირები თავს სწირავდნენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს, ჩვენი ხალხისა და ჩვენი ტერიტორიის დაცვას, აი, ეს მასხარა კაცი, სააკაშვილი, ლაჩარი, რომელმაც მიწაზე გართხმულმა აჩვენა მთელს მსოფლიოს ჩვენი ერის სირცხვილი მისი სახით, ამ დროს, ის გარბოდა ბრძოლის ველიდან. მაშინ, როდესაც მაგალითად, სხვათა შორის, სტუმრად იმყოფებოდა მასთან ერთად საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მიატოვა სტუმარიც და გაიქცა და მიწაზე გართხმული დაენახა მთელს მსოფლიოს. აი, ასეთი პარადოქსების ქვეყანა იყო მაშინ ჩვენი ქვეყანა, ასეთი არაკაცების და ასეთი ლაჩრების ხელში იყო ჩვენი ქვეყანა. მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენ, ჩემო მეგობრებო, წარსულში ჩავტოვეთ.

2012 წლის პირველი ოქტომბერი იყო ის ღირსეული გამარჯვება, რომელის ჩვენი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ჩვენმა ხალხმა მოიპოვა. ერთი უნდა იცოდეს ყველამ, რომ ასეთი ლაჩრების ხელში ჩვენს ქვეყანას არავის და არასდროს აღარ ჩავუგდებთ. ეს დრო დამთავრდა, ეს განსაცდელი ჩვენმა ხალხმა ჩამოიტოვა წარსულში”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები