სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” პროგრამების შედეგები

სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ხელშეწყობით ბიზნესის განვითარების მიმართულებით განხორციელდა არაერთი წარმატებული პროგრამა და აქტივობა.

,,აწარმოე საქართველოში”-ს ცნობით, დღეის მდგომარეობით სააგენტოს მხარდაჭერით შეიქმნა ან გაფართოვდა 494 საწარმო, 152 სასტუმრო და 6 ტურისტული სერვისის მიმწოდებელი ობიექტი.

,,აღნიშნული პროექტების ფარგლებში განხორციელდა 1.8 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია და სულ შეიქმნა 24 205 სამუშაო ადგილი. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ 2020 წელს ამოქმედდა საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც უკვე დაფინანსებულია 242 პროექტი. აღნიშნული პროექტები შექმნიან 4 418 სამუშაო ადგილს.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ განხორციელებული პროექტებიდან უმეტესი კომპანია ადგილობრივი წარმოების გარდა, ექსპორტზე არის ორიენტირებული.

პროგრამის „აწარმოე საქართველოში” ინდუსტრიული ნაწილის (საწარმოები/სასტუმროები) ტექნიკური მხარდაჭერისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტების შედეგების ეფექტიანობის კვლევა კომპანიამ „ბიდიო” გააკეთა, რომლის ფარგლებშიც ასევე ჩატარდა გამოკითხვა. ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, პროგრამის გარეშე ბენეფიციარების 89% ვერ შეძლებდა ან გაუჭირდებოდა ბიზნესის დაწყება/არსებულის გაფართოვება.

აღნიშნული კვლევის თანახმად ასევე გამოვლინდა რომ ერთმა სუბსიდირებულმა ლარმა სტიმული მისცა 15,7 ლარის ინვესტიციას, კერძო სექტორის მხრიდან და ასევე, იგივე სუბსიდირებულმა ლარმა ბიუჯეტში გადასახადების სახით შემოიტანა 5.04 ლარი და შექმნა 8,7 ლარის მთლიანი შიდა პროდუქტი. (ბიდიოს კვლევა: https://bit.ly/3k4brFM )

ზემოხსენებული პროგრამების გარდა, სააგენტო 2015 წლიდან ახორციელებს მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც დღემდე მხარდაჭერილია 6 911 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 79 მლნ ლარს, სადაც ჯამში დაფინანსებულია 10 083 ბენეფიციარი და შეიქმნება 17 489 სამუშაო ადგილი.

ამასთანავე, ძირითად პროგრამებთან ერთად, სააგენტო „აწარმოე საქართველოში” მთავრობასთან და ეკონომიკის სამინისტროსთან კოორდინირებით მუდმივ რეჟიმში ახდენს ქვეყნის გამოწვევებზე დაკვირვებას და 2020 წლიდან, პანდემიის ვითარებიდან გამომდინარე, შეიმუშავა პროგრამები ბიზნესის მხარდასაჭერად, კერძოდ:

მცირე და საოჯახო სასტუმროების თანადაფინანსების მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც 1544-მა კომპანიამ ისარგებლა, თანადაფინანსების სახით გაიცა 45 მილიონ ლარზე მეტი.
თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის, რომლის ფარგლებშიც 633-მა კომპანიამ ისარგებლა, თანადაფინანსების სახით გაიცა 9 მილიონ ლარზე მეტი.
თანადაფინანსების მექანიზმი საბავშვო ბაღების და სპორტული ობიექტების ხელშეწყობისთვის, რომლის ფარგლებშიც 76-მა კომპანიამ ისარგებლა, თანადაფინანსების სახით გაიცა 1,2 მილიონი ლარი.
თანადაფინანსების მექანიზმი ღონისძიების ორგანიზატორთა ხელშეწყობისთვის, რომლის ფარგლებშიც 53-მა კომპანიამ ისარგებლა, თანადაფინანსების სახით გაიცა 2,4 მილიონ ლარზე მეტი.
მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტი სექტორის მოცვის და ეკონომიკის ზრდის მიზნით, 2021 წლის 1 სექტემბრიდან სააგენტოს დაემატება სხვადასხვა პროგრამები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გახდა მცირე და საშუალო ბიზნესზე ორიენტირებული:

ბიზნეს უნივერსალი – პროგრამის მიზანია ახალი საწარმოების შექმნის/არსებული საწარმოების გაფართოვების/გადაიარაღების ხელშეწყობა, რომლის ფარგლებშიც მეწარმე სუბიექტს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს ორი მექანიზმით ერთდროულად, კერძოდ, სესხის თანადაფინანსების და სესხის უზრუნველყოფის კომპონენტებით. (https://bit.ly/3spFJXr).
ბიზნეს ექსპორტი – პროგრამის მიზანია ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდა და საქართველოში მეწარმეობის მხარდაჭერა ახალი ან არსებული საწარმოების გაფართოვება-გადაიარაღებით და იმპორტული საქონლის ადგილობრივით ჩანაცვლებით. პროგრამის ფარგლებში, მეწარმე სუბიექტს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს ორი მექანიზმით ერთდროულად, კერძოდ სესხის თანადაფინანსების და სესხის უზრუნველყოფის კომპონენტებით. ამასთან, მსესხებელი უფლებამოსილია ისარგებლოს დამატებით საგრანტო კომპონენტითაც. (https://bit.ly/3gcg9jI).
აგრო და ეკო-ტურიზმის განვითარება – პროგრამის მიზანია საქართველოში აგრო და ეკო-ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, რომლის ფარგლებშიც მეწარმე სუბიექტს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს ორი მექანიზმით ერთდროულად, კერძოდ სესხის თანადაფინანსების და სესხის უზრუნველყოფის კომპონენტებით. ამასთან, მსესხებელი უფლებამოსილია ისარგებლოს დამატებით საგრანტო კომპონენტითაც. (https://bit.ly/3m7sJET),”- ნათქვამია სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში” ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები